ომიკრონი 91%-ით ნაკლებად იწვევს სიკვდილს, ვიდრე დელტა ვარიანტი - ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია საუბარი.
ცნობილი ხდება, რომ კალიფორნიაში ინფიცირებული 70 000 ადამიანის მონაცემი გააანალიზეს და აღმოაჩინეს, რომ დელტა ვარიანტით დაავადებულებთან შედარებით, ომიკრონის მქონე პირთათვის ჰოსპიტალიზაციის საჭიროების დადგომის შანსი განახევრებული იყო, რეანიმაციაში მოხვედრის საჭიროება კი - 75%-ით შემცირებული.
ასევე, დადგინდა, რომ ომიკრონით ინფიცირებული 52 297 ადამიანიდან მხოლოდ ერთი გარდაიცვალა, რაც სიკვდილიანობის მაჩვენებლის 91%-ით შემცირებაზე მეტყველებს.
CDC-ის დირექტორის, როშელ ვალენსკის თქმით, ბოლოდროინდელი სიკვდილიანობის ზრდა ჯერ კიდევ შემორჩენილი დელტა ვარიანტის ეფექტია და არა ომიკრონის.
ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ომიკრონით გამოწვეული სიკვდილიანობა, მაგრამ ვეჭვობ, რომ ფატალური შემთხვევები, რომელთაც ახლა ვხედავთ, ჯერ კიდევ დელტა ვარიანტის ეფექტია, - ამბობს როშელ ვალენსკი.
კვლევა აშშ-ი 2021 წლის 30 ნოემბრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ჩატარდა, როცა ქვეყანაში ორივე შტამი "დელტა" და "ომიკრონი" ფართოდ ვრცელდებოდა.