"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" პარტიულ განახლებაზე მუშაობა გრძელდება. სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და გენერალური მდივანი შეიცვალა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, პარტიაში ახალი სამდივნო ყალიბდება, რომელიც 12 ადამიანისგან იქნება დაკომპლექტებული. თუ ვინ იქნებიან ახალი სამდივნოს წევრები, მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი.
ცვლილებებთან დაკავშირებით "მთავარ არხთან" პარტიის წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ახალი სამდივნო მორგებული იქნება იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას.
"ჩვენ წინა კვირაში დავიწყეთ ლიდერშიფში მცირე სტრუქტურული რეორგანიზაცია და ახლა არის შემდეგი ეტაპი, როდესაც ცენტრალურ ოფისში ყალიბდება სამდივნო, რომელიც მორგებული იქნება იმ გამოწვევებზე, იმ პრობლემებსა და ამოცანებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას პირველ რიგში. ჩვენმა პარტიამ უნდა იმუშაოს, რომ სწორი პასუხები გასცეს საზოგადოებას, თუ რა ალტერნატიულ ხედვას სთავაზობს, რა მიმართულებით იქნება ჩვენი მუშაობა პრიორიტეტული. ამის პრეზენტაციას ჩვენ მოვახდენთ მომავალ კვირაში", - თქვა პეტრე ცისკარიშვილმა.
მან ასევე განმარტა, რა კრიტერიუმებით შეარჩევენ სამდივნოს წევრებს და კონკრეტულად რა ფუნქციების შესრულება დაევალება 12 წევრით დაკომპლექტებულ ორგანოს:
"პატიოსნება, კვალიფიკაცია და პასუხისმგებლობის გრძნობა იქნება მთავარი კრიტერიუმები. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის წევრი უნდა იყოს, შესაძლოა, იყო შედარებით ახალი სახე, მაგრამ ის არ იქნება ქუჩიდან მოსული, რადგან გუნდურობა და გუნდური თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ადამიანი იქნება ის, ვისთანაც გვაქვს მუშაობის გამოცდილება. რამდენიმე დღეში გეცოდინებათ ეს სახელები და გვარები.
სამდივნო არის პარტიის აღმასრულებელი რგოლი, ის თავმჯდომარე ნიკა მელიასთან ერთად იღებს გადაწყვეტილებებს და შემდეგ აღსრულების პასუხისმგებლობა ეკისრება უკვე სამდივნოს. ჩვენი პარტია დიდია, მთავარი ოპოზიციური პარტია ვართ და მთელ საქართველოში გვინდა გავძლიერდეთ. თბილისში, როგორც დედაქალაქში, კიდევ უფრო მეტი ახალი წევრი უნდა დავიმატოთ, ახალგაზრდული ფრთა უნდა შევქმნათ და ასე შემდეგ... ეს ყველაფერი იქნება სამდივნოს განსახორციელებელი შემდეგი თვეების განმავლობაში", - თქვა პეტრე ცისკარიშვილმა.
სამდივნოს შექმნა და დაკომპლექტება ცვლილებების მორიგი ეტაპია. განახლება პარტიაში ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში დაიწყო. ცვლილებების შედეგად, პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კობა ნაყოფია აირჩიეს, გენერალურ მდივნად კი პეტრე ცისკარიშვილი დაინიშნა.