
ყაზახეთში არეულობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 225-მდე გაიზარდა. ინფორმაციას Reuters ქვეყნის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, დაღუპულთა შორის 19 შეიარაღებული ძალებიდანაა.
საწვავს გაძვირების გამო ყაზახეთში მასშტაბური აქციები 2 იანვარს დაიწყო. საპროტესტო გამოსვლები ჯერ მანგისტაუს რეგიონში, მოგვიანებით კი სხვა ქალაქებშიც დაიწყო. სოციალურ ფონზე დაწყებული პროტესტი მალევე პოლიტიკურში გადაიზარდა. დემონსტრანტები მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ.
საპროტესტო აქციების ფონზე პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა.
ქვეყანაში ვითარება განსაკუთრებით 5 იანვარს დაიძაბა. ღამის განმავლობაში ქალაქ ალმათში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმოდა.
მანამდე, დემონსტრანტები პრეზიდენტის რეზიდენციასა და მერის ოფისში შეიჭრნენ და შენობას ცეცხლი წაუკიდეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ალმათის რეზიდენციაში გაქცევამდე მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნა. ბოლო დღეების განმავლობაში პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი არაერთხელ გამოიყენა. დაძაბულობისა და საპროტესტო აქციების ფონზე, ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სიტუაციასთან გამკლავებისთვის დახმარება კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას (ОДКБ) სთხოვა.
7 იანვარს ყაზახეთის პრეზიდენტმა წესრიგის აღდგენის შესახებ განაცხადა. 11 იანვარს კი ახალი მთავრობა დაამტკიცეს.