კულტურის სამინისტრო ლიტერატურის მუზეუმს ელენე ბაქრაძის წიგნში დაშვებულ შეცდომაზე მიუთითებს და საკითხის "სერიოზულად განხილვას" გეგმავს

გამოქვეყნდა:

გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნი, სადაც ხსენებული ავტორის კუთვნილებად ანა კალანდაძის ორი ლექსია გამოცხადებული.

ამასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტრო განმარტებას აკეთებს. უწყებაში ამბობენ, რომ წიგნის რედაქტორი გულწრფელად განიცდის აღნიშნულ შეცდომას და ამის გამო, "ავადაც გახდა".

ამასთან, უწყება ლიტერატურის მუზეუმს შეცდომაზე მიუთითებს და აცხადებს, რომ საკითხის "სერიოზულად განხილვას" გეგმავს.

"2021 წლის 31 დეკემბრიდან, სამინისტროს მომართა არაერთმა სამართლიანად აღშფოთებულმა მოქალაქემ, მათ შორის, ღია წერილითაც.

ეს სამწუხარო ფაქტი, კულტურის სამინისტროს მიერ შესწავლის შედეგად, ახლა უკვე უდავოდ დადასტურებულია და, ბუნებრივია, რომ მის გამომჟღავნებას საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა.

წიგნის შემდგენელია ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე, რედაქტორი - დირექტორის მოადგილე თეა თვალავაძე.

რედაქტორი გულწრფელად განიცდის აღნიშნულ შეცდომას, რასაც მისი ავად გახდომაც კი მოჰყვა.

სამინისტრო პატივს მიაგებს თეა თვალავაძის მუზეუმში მრავალწლიან კეთილსინდისიერ საქმიანობას და მას მომავალშიც მხნეობას უსურვებს.

რაც შეეხება წიგნის შემდგენელსა და, იმავდროულად, მუზეუმის ხელმძღვანელს, ის კოვიდით არის ავად. უახლოეს პერიოდში, სამინისტრო მასთანაც გეგმავს საკითხის სერიოზულად განხილვას. აუცილებელია, გაირკვეს, რამ განაპირობა ესოდენ მასშტაბური რეზონანსის გამომწვევი შეცდომა ისეთ სოლიდურ დაწესებულებაში, როგორიც ლიტერატურის მუზეუმია.

სამინისტროსთვის, ასევე, პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმის პრევენციას, რომ სისტემის შიგნით მსგავსი სამწუხარო ფაქტების ალბათობა მაქსიმალურად გამოირიცხოს.

საზოგადოებას აქვე ვაცნობებთ, რომ სამინისტრომ უკვე მოითხოვა მუზეუმისაგან, რომ შეწყდეს აღნიშნული გამოცემის გავრცელება და მუზეუმმა მიმართოს შესაბამის ზომებს, მესამე პირებზე გადაცემული ეგზემპლარების დასაბრუნებლად", - ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი