ვუსმენდით გაფაციცებით, რას იტყვის ჩვენზე, მაგრამ დაიწყო, დენზე ტარიფის მომატება და ა.შ. მეათე პლანზეც არა ვართ - დევნილები ღარიბაშვილზე

გამოქვეყნდა:

ამ წუთში ვუსმენდით ყველა გაფაციცებით, რომ აი, რას იტყვის ჩვენზე, რას იტყვის, მაგრამ დაიწყო იმით, რომ დენზე ტარიფის მომატება და ა.შ. ე.ი. ჩვენ საერთოდ მეორე პლანზე კი არა, მეათე პლანზეც არა ვართ- ამბობს დევნილი ანგელინა კვარაცხელია. 

ის "მთავარ არხს" უყვება, რომ გამოძიება გამოკითხვის დროს ინტერესდებოდა მხოლოდ იმით, იყო თუ არა ნასვამი 52 წლის კაცი, რომელმაც გუშინ სანატორიუმ "ქართლთან" სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

"გამოძიება სულ მაგას გვეუბნებოდა, რომ აი, გვითხარით ნასვამი იყო თუ არა, მაგრამ იმას კი არ იძიებდნენ, რომ ამ ადამიანმა თავი ჩვენი კეთილდღეობისთვის ჩამოიგდო. თქვა, რომ მე ისეთ რაღაცას გავაკეთებ, რომ თქვენც გეშველებათო, ამას ლაპარაკობდა 1 კვირის განმავლობაში. მძაფრი იქნება ჩვენი გამოსვლები და აქციები, ამას ვპირდებით მინისტრს. ამ წუთში ვუსმენდით ყველა გაფაციცებით, რომ აი, რას იტყვის ჩვენზე, მაგრამ დაიწყო იმით, რომ დენზე ტარიფის მომატება და ა.შ. ე.ი. ჩვენ საერთოდ მეორე პლანზე კი არა, მეათე პლანზეც არა ვართ",- თქვა დევნილმა ანგელინა კვარაცხელიამ. 

ცნობისთვის, დევნილები "ქართულ ოცნებას" ფართით უზრუნველყოფას წლებია სთხოვენ, თუმცა უშედეგოდ - მოლაპარაკებები ყოველ ჯერზე დაპირებითა და შეუცვლელი რეალობით სრულდებოდა.

შენობა, რომელშიც დევნილები წლების წინ შეასახლეს ავარიულია, ნებისმიერ დროს კორპუსი შესაძლოა ჩამოინგრეს.

მთავრობის ყურადღების მისაქცევად, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა პროტესტი დაიწყეს, თუმცა მძიმე სოციალურ ფონს 52 წლის კაცმა ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ირაკლი ღარიბაშვილს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ერთი სიტყვაც არ უთქვამს.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი