"საჯარო ინტერესით, ყველაფერი არ მართლდება" - ლონდა თოლორაია საქალაქოს გადაწყვეტილებაზე

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, თბილისის საქალაქო სასამართლომ ამჯერად სრულად გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან მიმართებით.

საქმე ეხება საჩივარს, რომლითაც პენიტენციური მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავების, ასევე მისი კვებისა და გადაადგილების ამსახველი კადრების გავრცელების გამო, ინსპექტორის მიერ დაკისრებული 2 000-ლარიანი ჯარიმის გაუქმებას ითხოვდა. უწყება ამტკიცებდა, რომ კადრები "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან" გამომდინარე გაავრცელეს.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ ამჯერად (ასევე, სრულად) გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან მიმართებით.

სასამართლომ დაადგინა ძალიან საშიში პრეცედენტი და სტანდარტი პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირების უფლებების დაცვისა და საჯარო სექტორში მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით;

ეს ყველაფერი ძალიან აზიანებს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა და ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას.

საჯარო ინტერესით, ყველაფერი არ მართლდება. ხვალ და ზეგ თუ რომელიმე ჩვენგანის პირადი ცხოვრების მიმართ იქნება საჯარო ინტერესი, ალბათ ამის გასაჯაროებაც კანონიერად იქნება ცნობილი.

P. S. სიმართლე გითხრათ იმედი მქონდა, ,,სამართლიანობის ელფერისთვის” ნაწილობრივ მაინც დატოვებდნენ ძალაში, მაგრამ როგორც ჩანს ძალიან პრინციპული იყო სამსახურის ამ გადაწყვეტილების გაუქმებით, ადამიანის უფლებების უგულებელყოფა" -წერს ლონდა თოლორაია.

ცნობისთვის, ამავე საკითხზე სასამართლომ 11 იანვარს იუსტიციის სამინისტროს საჩივარიც დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორის მიერ სამინისტროსთვის დაკისრებული სანქციაც გაუქმდა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობისა და მისი კადრების გავრცელების ფაქტებზე დაწყებული აქტიური საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, ხელისუფლებამ გასული წლის ბოლოს კანონი მიიღო და ეს უწყება გააუქმა.

ამის შემდეგ პარლამენტმა კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გაუგზავნა. სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკოსები, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე თავად ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი, ლონდა თოლორაია სთხოვდა, კანონისთვის ვეტო დაედო, თუმცა 13 იანვარს, პრეზიდენტმა კანონს ხელი მოაწერა.

კანონი ძალაში 1 მარტიდან შევა და სახელმწიფო ინსპექტორის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი