
საუბარი 30 მილიონის ეკონომიაზე არის ბლეფი, ეს არის ფრანგული კრედიტი, რომლის პროცენტსაც ჩვენ ვიხდით - ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი დიმიტრი შაშკინი მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის შეკვეცას.
ოპოზიციაში ბიუჯეტის სეკვესტრის თავდაცვის სამინისტროდან დაწყება ეჭვებს აჩენს. მათთვის გაუგებარია, რატომ გადადის პანდემიასთან ბრძოლა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარჯზე.
ამ ხელისუფლებამ ჩააგდო მოლაპარაკება ამერიკასთან, როცა ჰილარი კლინტონის და ბარაკ ობამას გადაწყვეტილებით, ჩვენ გვაძლევდნენ ვერტმფრენებს და ანტისაჰაერო თავდაცვას საჩუქრად. არ მიიღეს ეს საჩუქარი, ურჩევნოდათ, საფრანგეთიდან კრედიტი აეღოთ, რომელიც შემოვიდოდა ბიუჯეტში და მერე ფრანგებთან ასეთი ურთიერთობა ჰქონოდათ. საუბარი 30 მილიონის ეკონომიაზე არის ბლეფი, ეს არის ფრანგული კრედიტი, რომლის პროცენტს ჩვენ ვიხდით, - ამბობს ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი დიმიტრი შაშკინი.
მისი თქმით, თავდაცვის უწყება დანარჩენი თანხის ეკონომიას ჯარის, კერძოდ, მისი კვებისა და მსგავს ყოველდღიურ ხარჯებზე გააკეთებს.
ხელისუფლების ოპონენტები სვამენ კითხვას, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შემცირების პარალელურად, რატომ არ მცირდება ის ბიუროკრატიული ხარჯები, რაც თავდაცვის სამინისტროსთან არსებულ სისტემას სჭირდება.
ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ქართულ ამერიკული ურთიერთობები, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში, ასეთი მყარი არასდროს ყოფილა. და კვლავ აპელირებს ფაქტზე, რომ "ოცნების ხელისუფლების" დროს ომი არ მომხდარა.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის საჰაერო სისტემების შექმნაზე მუშაობა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კონტრაქტორი შეიცვალა და ამ სისტემების მომწოდებელი გახდა საფრანგეთი. ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობის დროს, მისი თქმით, ამ კონტრაქტზე ხელისმოწერას ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებამ შეუშალა ხელი და კონტრაქტს ხელი მხოლოდ თინა ხიდაშელის მინისტრობის დროს მოეწერა.