ნატო-სა და რუსეთს შორის დაძაბულობის ფონზე, კანადამ უკრაინაში სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები გაგზავნა - ინფორმაციას ამის შესახებ Global News ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, სპეცდანიშნულების ძალების კონტინგენტი უკრაინაში 9 იანვარს გაემგზავრა.
გამოცემის ცნობით, კანადამ სპეცრაზმის პოლკის მცირე კონტინგენტის განლაგება უკრაინაში მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დიპლომატიური მოლაპარაკებები, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან აცილებას, შეფერხდა და დაახლოებით 100,000 რუსი ჯარისკაცი უკრაინის საზღვარზე დაბანაკებული დარჩა.
წყაროებმა Global News-ს განუცხადეს, რომ სპეცრაზმის გაგზავნა უკრაინაში არის ნატო-ს მოკავშირეების ძალისხმევის ნაწილი, შეაკავონ რუსეთის აგრესია უკრაინაში და დასახონ გზები უკრაინის დასახმარებლად.
დანაყოფს, ასევე, დაევალა კანადის დიპლომატიური კორპუსის უსაფრთხო ევაკუაციის გეგმის შემუშავება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი განახორციელებს ფართომასშტაბიან ინტერვენციას.
აღსანიშნავია, რომ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი, მელანი ჯოლი კიევში ერთკვირიანი ვიზიტით გაემგზავრა, რათა დაადასტუროს ოტავას მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისადმი.
„რუსული ჯარებისა და აღჭურვილობის შეგროვება უკრაინაში და მის გარშემო საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას მთელ რეგიონში. ეს აგრესიული ქმედებები უნდა აღიკვეთოს. კანადა იმუშავებს თავის საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა დაიცვას წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და შეინარჩუნოს უკრაინელების ადამიანის უფლებები და ღირსება", - ამბობს კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი.