მექსიკელი ფოტოჟურნალისტი ჩრდილოეთ სასაზღვრო ქალაქ ტიხუანაში, საკუთარ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს - ინფორმაციას France24 ავრცელებს.
შემთხვევა გუშინ, 17 იანვარს მოხდა. ოფიციალური პირებმა დაადასტურეს, რომ 49 წლის ჟურნალისტს, მარგარიტო მარტინესს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში ესროლეს.
გამოცემის ცნობით, მარტინესი 10 წელზე დიდი ხნის განმავლობაში ტიხუანაში რამდენიმე ადგილობრივი და საერთაშორისო მედიისთვის მუშაობდა. ფოტოჟურნალისტი კრიმინალსა და ძალადობის საკითხებს აშუქებდა.
ადგილობრივი ჟურნალისტური გაერთიანებების ცნობით, ტრაგიკულ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე მარტინესს უცნობი პირები ემუქრებოდნენ.
"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (RSF) რეგულარულად ასახელებს მექსიკას მედიის წარმომადგენლებისთვის მსოფლიოში ყველაზე საშიშ ქვეყნებს შორის.
"ფრანს-პრესის" (AFP) მონაცემებით, 2021 წელს მექსიკაში სულ მცირე შვიდი ჟურნალისტი მოკლეს, თუმცა არ არის დადგენილი, უკავშირდება თუ არა ყველა მათგანის მკვლელობა მათს საქმიანობას.
ცნობისთვის, მექსიკაში 2000 წლიდან დღემდე 100-ზე მეტი ჟურნალისტი მოკლეს და დანაშაულთა მხოლოდ მცირე ნაწილია გამოძიებული.