არ ვაპირებ მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებას, ვემზადებით გამარჯვებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით ისაუბრა და ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა შეაჯამა.
ასეთი მასშტაბის სადისტური, დამცინავი დამოკიდებულება საკუთარი ხალხის მიმართ, მე არ მინახავს არასდროს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ არსად, სადაც ვყოფილვარ მსოფლიოში, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში ივანიშვილის ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ინვესტიციები შემცირდა და ეკონომიკა კრიზისულ მდგომარეობამდე მივიდა.
სად ვართ ივანიშვილის „ოცნების“ მმართველობიდან რვა წლის შემდეგ. 17%-ით ვარდნა ერთიანი ეროვნული პროდუქტის ეკონომიკაში. 42%-ით ვარდნა ინვესტიციების, 1 მილიარდ 800 მილიონი ლარით შემცირებული შემოსავლები. საქართველოს ეკონომიკა ამ კრიზისის პირობებში ორჯერ უფრო ნაკლებად ვითარდება, ვიდრე სომხეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკა...
ერთადერთი, რაც იზრდება საქართველოდან, ეს არის ოქროს ექსპორტი, ივანიშვილის ბიზნესი. ვერ დამთავრდა, პირიქით, იზრდება, ამ მანიაკის ნამდვილი ავადმყოფური ღორობა, ამას ყველაფერს შევყურებთ და ვიღებთ, რომ ასე იყოს, - ამბობს სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის მიერ ვალის ზრდასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებაც გააკრიტიკა. მისი თქმით, ამ ვალის გადახდა თაობებს მოუწევს.
მისი თქმით, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, მაღალჩინოსნების ქონებას არაფერი აკლდება, მათი ნაწილი კი სწორედ ახლა იშენებს სახლებს. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ თანხების გადადინება ხდება კალაძის „არქი ჯგუფში“, ასევე გომელაურის მოკავშირე „ორბი ჯგუფში“.
ივანიშვილს აქვს ერთი ოცნება, რომელიც გაცხადებულია - დროზე გაიხსნას ევროპის მიმართულებით ფრენები და დროზე one way ticket-ით – ცალ მხარეს გაისტუმროს საქართველოს დანარჩენი მოსახლეობა, ვინაიდან ეს მიწები, ქონებები, ეს ყველაფერი და ეს აღებული ვალი მათ შორის, მთლიანად, ხელის შეშლის გარეშე ჩაიდოს ჯიბეში, – ამბობს სააკაშვილი.
ყოფილი პრეზიდენტის თქმით, წლევანდელ არჩევნებზე გადაწყდება, საქართველო დაიღუპება თუ გაიმარჯვებს.
ამან ბოლომდე გააღარიბა ხალხი. ეს ასე იქნება, სანამ მათ ისტორიის სანაგვეზე არ გავისტუმრებთ. ამიტომ, მე არ ვაპირებ მშვიდად ვუყურო საქართველოს მოსპობასა და განადგურებას. მე არ ვაპირებ ხელჩამოშვებულმა ვუყურო ქართველი ოჯახების განადგურებას და ქვეყნიდან განდევნას. რა თქმა უნდა, მე ვარ ამ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას, ყველანი უნდა გავერთიანდეთ. ადგილების გაყოფის დრო არც ახლა და არც მომავალში, არასდროს არ დადგება.
ვისაც გვინდა, რომ ჩვენს ხალხს დავეხმაროთ, ყველანი უნდა დავდგეთ ერთად. მე ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად ვიქნები ამ ბრძოლის წინა ხაზზე. წელს გადაწყდება, საბოლოოდ, ვიქნებით თუ არა მონები, მთელი დარჩენილი ცხოვრება, ივანიშვილის ჰესებზე, ბიტკოინების ქარხნებზე, ივანიშვილის მიწებზე, ოქროს საბადოებზე თუ ვიქნებით თავისუფალი ქვეყნის ამაყი, წელში გამართული მოქალაქეები, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.