ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ პროკურატურას ახალი ოქროს მოწმე ჰყავს. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ინფორმაციით, სახელმწიფო ბრალდება რობაქიძის საქმეში მისი მონაწილეობის დადასტურებას შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ ქარელის ჩვენებით ცდილობს.
ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელის, გურამ ჩალაგაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას ამ საქმესთან დაკავშირებით ხელჩასაჭიდი აღარაფერი დარჩა და ახლა ბრალის დამძიმებას მიხეილ ქარელის ჩვენებით ცდილობს. მისი თქმით, მიხეილ ქარელმა გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, იმის შესახებ, თითქოს წლების წინ, სუფრაზე ირაკლი ოქრუაშვილმა ბუტა რობაქიძის გარდაცვალების დეტალები გაიხსენა. მიუხედავად ამისა, ქარელმა ვერ გაიხსენა ვერც ადგილი და ვერც ის გარემოცვა, სადაც ის ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
„ ეს ადამიანი არის ყოფილი გუბერნატორი, მიშა ქარელი. უბედურება ის კი არ არსი, რომ მიშა ქარელმა ჩვენება მისცა და ამით ოქრუაშვილს რაიმე დაუმძიმდება, ან შეუმსუბუქდება, ეს ხომ სისულელეა. უბედურება ის არის, რომ ამ ხელისუფლებას მიშა ქარელის იმედიღა დარჩა. ვერაფერს ვერ დაუმძიმებენ, გამორიცხულია, ოქრუაშვილს და აქვე ვიტყვი, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ივანიშვილს თავის დანაპირებს აუცილებლად აუსრულებს. რაც შეეხება დამძიმებას, ახლა ადამიანი ამბობს, რომ ახსოვს დეტალურად თუ რა მოყვა ირაკლი ოქრუაშვილმა, მაგრამ სად ისხდნენ, რესტორანში, ან ოჯახში, სუფრასთან ვინ იყო ა.შ., ესენი არაფერი არ ახსოვს. საქმესაც ვერ კერავენ...,“- განაცხადა ჩალაგაშვილმა.
დღესვე საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის მძღოლის, კობა კოშაძის პროცესი მიმდინარეობს. კოშაძე სამართალდამცველებმა ივლისის თვეში დააკავეს და მას გამოძიება იარაღის ტარებას ედავება, თუმცა ექსპერტიზის არცერთ დასკვნაში კოშაძის დნმ-ის და თითიც ანაბეჭდები არ დასტურდება.
ოქრუაშვილის თანაგუნდელები და ადვოკატი ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ და ორივე დაკავებულს პოლიტპატიმრად მოიხსენიებენ.