ასლან ჩელდიევი მთავარი არხის ეთერში გაკეთებული განცხადებიდან რამდენიმე საათში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც მისმა ადვოკატმა გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა, საგამოძიებო უწყება დაინტერესდა ჩელდიევის საქმიანობით, ჰქონდა თუ არა კავშირი დასახელებულ პირებთან და რამდენი ხანია იმყოფება საქართველოში.
უფლებადამცველის თქმით, ჩელდიევს არ აქვს კავშირი აღნიშნულ საქმესთან, გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, შეელახა რეპუტაცია, რაზეც რეაგირება აუცილებლად ექნებათ და მიმართავენ სამართლებრივ ზომებს.
ჩელდიევი, ქრონიკა პლიუსის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის ინფორმაციით, ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზების საქმეში, ერთ -ერთ ფიგურანტად სახელდებოდა.
ის "მთავარ არხს" თავად დაუკავშირდა და გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
ჩელდიევი ამტკიცებდა, რომ არც რამზან კადიროვთან და არც საქმის ფიგურანტებად დასახელებულ სხვა პირებთან კონტაქტი არასოდეს ჰქონია და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილიც თავად გამოთქვა.