სააკაშვილის განცხადების გამო უკრაინის ელჩის საგარეო უწყებაში დაბარებას ოპოზიცია აკრიტიკებს

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის განცხადების გამო საქართველოში უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვის საგარეო უწყებაში დაბარებას ოპოზიცია კრიტიკულად აფასებს.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მთავრობა სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას ძაბავს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზაალ უდუმაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს, როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, მოსაზრებების გამოთქმის უფლება ყოველთვის ექნება.

ამ ქვეყნის მხარდაჭერა და ჩვენს ქვეყანაზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალდებულება და მოვალეობაა და მითუმეტეს, ამას ვერავინ აუკრძალავს ვერასდროს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. მან კონკრეტული რჩევები მისცა საქართველოს მოსახლეობას და ის ყოველთვის იქნება ჩართული იმ ბრძოლაში, რომელსაც საქართველოს უკეთესი მომავალი და საქართელოს ხვალინდელი დღე ჰქვია, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

უკრაინის ელჩის ზალკალიანის უწყებაში დაბარება ასევე გაუგებარია დამოუკიდებელი დეპუტატებისთვის.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ საგარეო უწყებამ უნდა განმარტოს, რას ემსახურება ელჩის დაბარება.

გასაგებია, რომ არ მოეწონათ სააკაშვილის დანიშვნა, მაგრამ შემდგომში რა ნაბიჯები იგეგმება, ჯერჯერობით, ვერ ვხედავ. რას ემსახურება ელჩის დაბარება, წინასწარ არ მინდა შევაფასო, არ ვიცი, რაზე იქნება იქ საუბარი, – ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი.

სტრატეგიულ პარტნიორთან რომ მსგავსი ქმედებებით ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბება, ამაზე ამახვილებს ყურადღებას პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილე. ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, რომ დეპუტატებმა საგარეო უწყების ხელმძღვანელს დამატებითი განმარტების გაკეთება მოსთხოვონ.

ეს ქმედებები უკრაინის ელჩთან მიმართებაში არ არის ის ნაბიჯები, რომლებიც პირიქით, აუმჯობესებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას. ასე რომ, საგარეო უწყება ალბათ გააკეთებს და ჩვენც მოვითხოვთ, რომ დამატებითი განმარტებები გააკეთოს, თუ რა გახდა მიზეზი, – აცხადებს ლევან კობერიძე.

საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი მას შემდეგ დაიბარეს, რაც მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვიდეო მიმართვა გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით საგარეო უწყებას მძაფრი რეაქცია მის უკრაინაში უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნასაც მოჰყვა. მაშინ საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინიდან საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი