
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი, დიმიტრი საძაგლიშვილი მივიდა.
ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილთან აუდიენციისას მთავარი თემა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიმდინარე გამოძიება იქნება, რომლის გამოც, მისი თქმით, ეს სამსახური გააუქმეს.
დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტთან დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე ისაუბრებს.
"მართალია ჩვენ არ გვჯერა საგამოძიებო ორგანოს, ამ შემთხვევაში პროკურატურის დამოუკიდებლობის, ან სასამართლოსი და არ ვცხოვრობთ ილუზიებში, ერთადერთი ორგანო, რომელმაც გამოავლინა კანონისადმი ერთგულება და არა ივანიშვილისადმი ერთგულება, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იყო, რომელიც 2 დღეში გააუქმეს და ცხადია, ამას მომავალში ასე მარტივად ვერავინ გაბედავს. შესაძლოა, ერთ-ერთი მესიჯი ის იყო, რომ დაისჯება ყველა ის პირი, რომელიც გაბედავს და მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, მისი უფლებების დაცვის თვალსაზრისით, იმოქმედებს კანონის შესაბამისად. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ პროკურატურა არ მიანიჭებს მიხეილ სააკაშვილს დაზარალებულის სტატუსს და გამიხარდება თუკი შევცდები. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა მოვითხოვოთ, ან არ უნდა გავასაჩივროთ უკანონო გადაწყვეტილება", - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.
ცნობისთვის, ადვოკატებმა პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით, 18 იანვარს მიმართეს. პროკურატურისთვის მიცემული 48-საათიანი ვადა კი დღეს იწურება.
ამავე თემაზე: