ადვოკატებმა პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით მიმართეს

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატები გენერალური პროკურატურისგან მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობას ითხოვენ. შესაბამის განცხადება უფლებადამცველებმა უწყებაში რამდენიმე წუთის წინ შეიტანეს.

საქმე ეხება რუსთავის ციხიდან გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისას მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ეპიზოდებს.

"დღეს ვიმყოფებით გენერალური პროკურატურის წინ იმისათვის, რომ შევიტანოთ განცხადება და მოთხოვნა პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე, როგორც არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლის.

პირველ რიგში, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სრული წვდომა გვქონდეს ყველა მასალაზე, რომელიც არსებობს დღეს იმ უწყებაში, რომელიც გამოძიებას აწარმოებს ამ საკითხზე, ეს არის სახელმწიფო ინსპექტორი. ჩვენთან სახელმწიფო ინსპექტორთან გვაქვს გაცვლა-გამოცვლა მასალების, თუმცა არსებობს მასალები, რომელზეც ხელი არ მიგვიწვდება. პირველ რიგში, ეს არის არაჰუმანური და არაადამიანური მოპყრობის, წამების ამსახველი მთელი ვიდეომასალა, სრული მარშრუტი", - თქვა ნიკა გვარამიამ.

მანვე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მოუწოდა, მის ხელთ არსებული სრული ვიდეომასალა გამოაქვეყნოს, სადაც მიხეილ სააკაშვილის ეტაპირებაა ასახული. ნიკა გვარამიას თქმით, ამ მასალების გამოქვეყნებაზე მესამე პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა.

"არ გვაქვს დიდი ილუზია, რომ დაზარალებულად ვიქნებით ცნობილი ამ საქმეზე, შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორს მოვუწოდებთ, გამოაქვეყნოს მის ხელთ არსებული მასალა, რადგან ამასთან დაკავშირებით დაზარალებული მიხეილ სააკაშვილის თანხმობა არსებობს. პირიქით, ის ასევე მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, მოხდეს აღნიშნული მასალის გამოქვეყნება", - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

ამასთან, უფლებადამცველი მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორს და სახალხო დამცველს, საკითხთან დაკავშირებით დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, "სასურველი იქნება, საჯაროდ".

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი