უკრაინა ომის ზღვარზეა | რა ვითარებაა ფრონტის ხაზად ქცეულ რუსულ-უკრაინულ საზღვარზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის გარშემო სიტუაცია კვლავ დაძაბულია. რა პასუხს ამზადებს რუსეთი გასულ კვირას დიპლომატიურ ფრონტზე განცდილი მარცხის შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია. დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა შექმნილი კრიზისის თაობაზე და გააკეთა განცხადება, რომელმაც ბევრ ქვეყანაში დაბნეულობა გამოიწვია. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, დასავლეთის პასუხი რუსულ აგრესიაზე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად მასშტაბური იქნება ეს აგრესია.

ბაიდენის ამ სიტყვებმა ბევრ ადამიანს გაუჩინა შეგრძნება, რომ ვაშინგტონი პუტინს უკრაინაში შეჭრაზე მწვანე შუქს უნთებს. განსაკუთრებული შეშფოთება ოფიციალურმა კიევმა გამოთქვა. პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ბაიდენის სიტყვებით შოკირებულები არიან.

სააგენტო როიტერსის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ვაშინგტონმა ბალტიის ქვეყნებს უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების მიწოდების ნება დართო. ეს გადაწყვეტილება ესტონეთს საშუალებას მისცემს, უკრაინას „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები გადასცეს, ლიეტუვას კი “სტინგერის” სარაკეტო სისტემების გაგზავნის უფლება მიენიჭება. დღესვე უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის მოსახლეობას ტელევიზიით მიმართა და მოუწოდა, არ აყვნენ პანიკას.

თუმცა, მიუხედავად დაძაბული ვითარებისა, როგორც ჩანს, დიპლომატიური საშუალებები ჯერ-ჯერობით ბოლომდე არ ამოწურულა და მოსკოვისგან უკრაინაში შეჭრას დღეს და ხვალ არ უნდა ველოდოთ. ბოლო საათებში გავრცელებული ინფორმაციით, ხვალ, 21 იანვარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდება, მანამდე კი გერმანელ, ფრანგ და ბრიტანელ კოლეგებთან ერთად მოქმედების ერთიან სტრატეგიას განიხილავს. 

ავტორები: ნათია ტრაპაპიძე, რამაზ ხატიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი