
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია, მეორე დღეა, გურიაში იმყოფება. ლანჩხუთის შემდეგ, ის დღეს ოზურგეთში ჩავიდა და მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნო.
როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, რეგიონში სახელმწიფო აპარატი სრულად დეზორიენტირებულია, რის გამოც მოქალაქეებს მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება.
მისივე თქმით, ერთადერთი საკითხი, რითაც ხელისუფლების წარმომადგენლები არიან დაკავებული, თავიანთი ხელფასების მატებაა.
"სახელმწიფო აპარატი მთლიანად არის დეზორიენტირებული და გათიშული, თითქოს არ არსებობენ ისინი გურიაში. ელემენტარული ვერ მოხერხდა - გზის გაწმენდა, მესამე დღეა თოვს. ბევრი სოფელი, სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, ელექტროენერგიის გარეშეა, მოწყვეტილია რაიონულ ცენტრებს. ამ ფონზე, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ადამიანები ვერ გადაადგილდებიან ოზურგეთში, ოზურგეთის საკრებულო იკრიბება და თავმჯდომარეს, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის უახლოეს მეგობარი, თანაკურსელი, იმატებს ხელფასს, მერს უმატებენ ხელფასს და მაღალი თანამდებობის პირებს", - თქვა ნიკა მელიამ.