სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს უმაღლესი ტრიბუნიდან რუსული დელეგაცია, საგარეო უწყების პირველ პირთან, სერგეი ლავროვთან ერთად საქართველოში ევროსაბჭოს მინისტერიალზე დაპატიჟა.
პრეზიდენტი არ მორიდებია პირდაპირ ეთქვა, რომ ოფიციალური თბილისი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს დაარღვევს და ყველა იმ რუს პოლიტიკოსს შემოუშვებს ქვეყანაში, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა ნამყოფი.
იმ ხელისუფლებისგან, ვინც გავრილოვის გამო მშვიდობიანი აქციის მონაწილეები დაარბია და თვალები დათხარა, ეს განაცხადი თავად სამოქალაქო აქტივისტებს არ გაკვირვებიათ. თვლიან, რომ ამით „ქართული ოცნების“ სახე კიდევ ერთხელ გამოჩნდა.
20 ივნისის სისხლიანი მოვლენების შემდეგ, აქციების აქტიურ მხარდამჭერ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს დღეს სამოქალაქო აქტივისტებისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსული დელეგაციის შემოსვლის მომხრეა და ოფიციალურ თბილისს მოუწოდებს მოსკოვის პროვოკაციას არ წამოეგოს და დელეგაცია თბილისში მინისტერიალზე დასასწრებად შემოუშვას.
გიორგი მარგველაშვილის არგუმენტები კატეგორიულად მიუღებელია საერთაშორისო საკითხებზე მომუშავე ექსპერტებისთვის. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ოკუპაციის პირობებში, ქვეყანამ თავისი ეროვნული ინტერესები უნდა დაიცვას.
საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანაა. ამ მანდატის ფარგლებში თბილისი მაისში ევროსაბჭოს მინისტერიალს უმასპინძლებს.
დაუშვებს თუ არა ოფიციალური თბილისი რუსეთის დელეგაციას მინისტერიალზე, ამ საკითხით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსი დეპუტატი ლეონიდ კალაშნიკოვი დაინტერესდა. კითხვაზე საპასუხოდ სალომე ზურაბიშვილმა არ დამალა, რომ საქართველო ოკუპაციის შესახებ კანონის გვერდით ავლით აპირებს, რომ რუსეთის დელეგაციას უმასპინძლოს.