ყველაზე მაღალანაზღაურებადები - ვინ რამდენი დააგროვა 10 წელში?

გამოქვეყნდა:

ყველაზე მაღალანაზღაურებად თანამდებობის პირთა სიაში პირველ ადგილს დავით საგანელიძე იკავებს - საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელს 2017 -2020 წლებში, ხელფასის სახით, მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული. 

საგანელიძის უძრავი ქონება კი ასე გამოიყურება:

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მას ორი ბინა აქვს, ჯამში 664 კვმ ფართობის და 450 000 ლარის ღირებულების.  ამის გარდა, 18 000 ლარის ღირებულების სამი ავტოფარეხი ვაკეში, 50 000 ლარის ღირებულების აგარაკი მცხეთაში, მშენებარე ბინა ბათუმში, მიწის სამი ნაკვეთი მცხეთასა და რაჭაში, არასაცხოვრებელი ფართი ასევე რაჭაში და 65 კვ მ ფართობის ბინა, თურქეთში კარჩიჯაკში, რომელშიც საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა 82 000 ევრო გადაიხადა.

რა გზით უგროვდება საგანელიძეს ყოველთვიურად რეკორდული შემოსავალი, ამ კითხვებს თავად საგანელიძე პასუხს არ სცემს. მის უწყებაში კი განმარტავენ რომ ფონდის ხელმძღვანელი ანაზღაურების 2/3 -ს ქველმოქმედებაზე ხარჯავს, რა ტიპის ქველმოქმედებას ეწევა საგანელიძე ან ვინა არიან ქველმოქმედების ბენეფიციარები - ეს დეტალები ჩვენთვის უცნობია. 

​მაღალხელფასიანებს შორისაა საქართველოს რკინიგზის დირექტორი დავით ფერაძე - მისი სახელფასო შემოსავალი ერთ წელში 219 141 ლარია. ფერაძე ხელფასის სახით ყოველთვიურად 18 000 ლარზე მეტს იღებს. 

მისი ქონებრივი დეკლარაციით ირკვევა, რომ ფერაძე სამი სახის ხელფასს იღებს - ერიცხება როგორც რკინიგზის დირექტორის ხელფასი, ასევე ანაზღაურება ორი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისთვის. 

ფეშენებელური სახლი დიღმის ელიტურ უბანში 1500 კვ.მ ფართობზე, დავით ნარმანიას საკუთრებაშია. ქონება გოდერძი ჩოხელის ქუჩაზე, სემეკის ხელმძღვანელმა 2020 წელს შეიძინა.

მისი ღირებულება ჯამში მილიონ ლარს აჭარბებს. მიწის ნაკვეთში მან 180 000 აშშ დოლარი, მშენებარე სახლში კი 249 000 ლარი გადაიხადა. 

ყოფილი მერის საკუთრებაშია თბილისში კიდევ ერთი საცხოვრებელი ფართი, 97 კვ.მ ფართობის ბინა ბერბუკის ქუჩაზე - მან 36 000 აშშ დოლარი გადაიხადა. ასევე  3584 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთი გორში, რომელიც თბილისის მერობის პერიოდში ნარმანიამ  7 100 აშშ დოლარად შეიძინა. 

დავით ნარმანია თვეში ხელფასის სახით 12 910 ლარს იღებს, საერთო ჯამში, 2020 წელს მას  ხელფასის სახით 182 252 ლარი აქვს მიღებული. 

სწორედ ამიტომ ის მესამეა მათ შორის, ვინც მაღალანაზღაურებად თანამდებობის პირების სიაშია შეყვანილი. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ნარმანიამ, რომლის საკუთრებაში თავდაპირველად მხოლოდ ზუგდიდში, სოფელ კოკში, მემკვიდრეობით მიღებული სახლი იყო, ქონება თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ დააგროვა.   

მაღალანაზღაურებადია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაც, რომელსაც 2017 წლიდან კახა ბექაური ხელმძღვანელობს. 2020 წელს მან ამ თანამდებობაზე 188 585 ლარი გამოიმუშავა, რაც თვეში 15 715 ლარია.

ქვეყნის მთავარი ცენზორის ქონება მას შემდეგ იზრდება, რაც ის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის პოსტზე დაინიშნა. ამის შემდეგ მან შეიძინა ცხრა მიწის ნაკვეთი, ასევე ბინები თბილისსა და რეგიონებში, სახლი ლისის ელიტურ უბანში და ძვირადღირებული ავტომანქანები.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი