უკრაინა ომის ზღვარზეა - მეგობარ ქვეყანაში ვითარება კრიტიკულად დაძაბულია. საზღვრებთან ამ დრომდე აქტიურად გრძელდება რუსული შეიარაღების მობილიზება. პარალელურად, ძლიერდება დასავლეთის მხრიდან უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები და მილიტარისტული დახმარების გაწევა.
ბლინკენი-ლავროვის მოლაპარაკებების შემდეგ, ახლა რუსეთი შეერთებული შტატებისგან ოფიციალურ წერილობით დოკუმენტს ელოდება. უკვე ცნობილია, რომ შტატები პოზიციების დათმობას არ აპირებს და ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას არ შეცვლის, რაც იმას ნიშნავს, რომ ნატო-ს კარი უკრაინისთვის და საქართველოსთვის კვლავ ღია დარჩება.
ძალების მობილიზება უკრაინის მხრიდანაც მიმდინარეობს. სამხედროებთან ერთად, რიგითი მოქალაქეების გადამზადება ხდება, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთვებიან.
თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ამის პროგნოზირება უჭირთ როგორც სპეციალისტებს, ასევე უკრაინელ პოლიტიკოსებს. რადას დეპუტატი, ერთ-ერთი სამხედრო ალექსეი გონჩარენკო "მთავარ არხთან" ამბობს, რომ შეუძლებელია იმის გათვლა, რას გააკეთებს ვლადიმერ პუტინი.
"უკრაინაში ვითარება დაძაბულია. რუსეთთან ომი უკვე 8 წელია გრძელდება, მოქალაქეები ამ ვითარება შეეგუენ. რუსეთთან მხოლოდ სამხედრო ძალით დაპირისპირება კარგ შედეგებს ვერ მოგვიტანს, ამიტომ მათ წინააღმდეგ ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ. კრემლი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალების მობილიზებას აქტიურად აგრძელებს. ამასთან, გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსებს კიევიდან და ლვოვიდან დიპლომატები გაჰყავთ. კრემლის ეს ქმედება რაღაცას მოასწავებს. კარგად გვახსოვს ყირიმის ანექსიის დროს ვითარება როგორ განვითარდა, ახლაც მსგავს სცენართან გვქვს საქმე. ამიტომ, კრემლის განცხადებების, რომელიც ამბობს, რომ უკრაინასთან ომს არ აპირებს, არავის სჯერა", - ამბობს ალექსეი გონჩარენკო.
მაშინ, როდესაც მსოფლიო უკრაინის გვერდით დგას და მხარდაჭერას უცხადებს, ქართული ხელისუფლება დუმს. საერთაშორისო დარგის სპეციალისტების შეფასებით, ეს ძალიან საშიშია, ვინაიდან უკრაინის შემდეგ, შესაძლოა, ჯერი საქართველოზეც დადგეს.
"მთავრობა ფიქრობს, რომ ის პრაგმატულ, ფრთხილ პოლიტიკას ახორციელებს. ჩემი აზრით, სახიფათოა ასეთ გადამწყვეტ მომენტში პოზიციის არქონა და დამალვა, რადგან საბოლოო ჯამში, ჩვენ ვსაუბრობთ შესაძლო ახალი კრინის ფარდის დაშვებაზე და ასეთი ქცევით საქართველო შეიძლება, ამ რკინის ფარდის მიღმა აღმოჩნდეს", - ამბობს რონდელის ფონდის უფროსი, ანალიტიკოსი გიორგი ბადრიძე.
ცნობისთვის, თბილისში დღეს უკრაინის მხარდამჭერი აქციაა დაგეგმილი. სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები უკრაინის საელჩოსთან 16:00 საათზე შეიკრიბებიან და მეგობარ ქვეყანას სოლიდარობას გამოუცხადებენ.