"ოცნების" ტყუილი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე - ოპოზიცია მასშტაბურ აქციებს აანონსებს

გამოქვეყნდა:

მმართველმა გუნდმა პროპორციული საარჩევნო სისტემით ოპოზიცია და ამომრჩეველი მოატყუა. პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დღეს აღიარა, რომ შეთავაზება 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების შემდეგ აგორებული საპროტესტო ტალღის ჩასახშობად დასჭირდათ.

თალაკვაძის განცხადებით, მოგვიანებით, ოპოზიციამ „ქართული ოცნებისთვის“ არაკომფორტული პოლიტიკური სვლა გააგრძელა, რის გამოც ბიძინა ივანიშვილმა დაპირება უკან წაიღო. 

პარლამენტის თავმჯდომარის აღიარებაზე საუბარი არ ისურვა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი გახარია „მთავარი არხის“ მიკროფონს გაექცა. 

ოპოზიციას, რომელიც „ქართული ოცნების“ ტყუილს უკვე თვეებია ქუჩაში აპროტესტებს, თალაკვაძის აღიარება არ გაკვირვებია. პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ ხელისუფლებას მოსახლეობის გადაგდება თავიდანვე კარგად ჰქონდა დაგეგმილი. 

რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემდეგ პარტიების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად ხელისუფლებაზე წნეხს კიდევ უფრო გააძლიერებენ. ოპოზიცია ქუჩის აქციებთან ერთად საერთაშორისო პარტნიორებისაგან „ქართული ოცნების“ მიმართ ტონის გამკაცრებასაც ელოდება. 

ხელისუფლება ოპოზიციასთან ჯერ კიდევ დიალოგის რეჟიმშია, თუმცა ოცნება მაინც ულტიმატუმის ენით საუბრობს და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას არ აპირებს. მათი საბოლოო წინადადება ე.წ 100/50-ზე მოდელია, რომელსაც ოპოზიცია არ თანხმდება.  

ევროკავშირის ელჩი, რომელიც დიალოგის ერთ-ერთი ორგანიზატორია ამბობს, რომ ამ ეტაპზე შეთანხმებაზე საუბარი რთულია.

როდის გაიმართება ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის კიდევ ერთი შეხვედრა, ჯერ უცნობია. არ არის გამორიცხული, მოლაპარაკების მომავალი რაუნდი საბოლოო აღმოჩნდეს.   

ოპოზიცია 4 თებერვალს საგაზაფხულო სესიის პირველივე დღეს პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი