ინსპექტორის სამსახურის გაუქმება - ლონდა თოლორაიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა კანონი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების სანაცვლოდ, ორი ახალი სამსახურის შექმნას ითვალისწინებს.

როგორც ლონდა თოლორაია აღნიშნავს, გადაწყვეტილების მიღებამდე, ის მოითხოვს გასაჩივრებული ნორმების მოქმედების დაუყოვნებლივ შეჩერებას "ვინაიდან სადავო ნორმების ამოქმედება გამოიწვევს სახელმწიფო ინსპექტორისთვის გამოუსწორებელ შედეგს (უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას)".

სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იქნება.

"ის ფაქტი, რომ პარლამენტი თვითნებურად, საკანონმდებლო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით, კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, უფლებამოსილებას ვადამდე უწყვეტს წამებისა და არასათანადო მოპყრობის გამოძიებაზე, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების მონიტორინგზე და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე გარე კონტროლის განხორციელებაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირს, ზიანს აყენებს არამხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, არამედ ახლადშექმნილი ორგანოების დამოუკიდებლობასაც. კონსტიტუციის 25-ე მუხლით გარანტირებულ უფლებაში ჩარევის ამგვარი პრეცედენტი იწვევს „მსუსხავ ეფექტს“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მომავალ უფროსებზეც, რაც საბოლოოდ უარყოფით გავლენას მოახდენს წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულების დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გამოძიებაზე, ისევე როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედებების გარე კონტროლზე და პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების მონიტორინგზე",-წერს ლონდა თოლორაია.

ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონი პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 30 დეკემბერს დაამტკიცა, შემდეგ კი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაუგზავნა. სალომე ზურაბიშვილმა კანონს ხელი მოაწერა, მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები და თავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი, მას ვეტოს დადებისკენ მოუწოდებდნენ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი