30 წელი. ეს ხანგრძლივი დროა, მაგრამ ამავდროულად მხოლოდ დასაწყისია... - კელი დეგნანი დიპლომატიური ურთიერთობის ისტორიაზე

გამოქვეყნდა:

წელს აშშ-ს საელჩო თბილისში, საქართველოსთან  დიპლომატიური ურთიერთობების, პარტნიორობისა და მეგობრობის 30 წლისთავს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, კელი დეგნანი ვრცელ განცხადებას ავრცელებს.

ამბიციური გეგმა გვაქვს, რომ მთელი წლის განმავლობაში აღვნიშნოთ ჩვენი მრავალმხრივი პარტნიორობის ყველა ასპექტი - ნათქვამია განცხადებაში, სადაც დიპლომატი იხსენებს აშშ-სა საქართვლოს ურთიერთობის დასაწყისს და მიმოიხილავს, რატომ არის საქართველო ასეთი მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.

სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და საგანმანათლებლო პარტნიორობის ისტორია და დახმარება, რომელიც საქართველომ სტრატეგიული პარტნიორისგან ამ წლების განმავლობაში მიიღო - კელი დეგნანის წერილში ვკითხულობთ:

ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყნებში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებებისა და გარდაქმნების მიუხედავად, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერი და ურყევი დარჩა, რაც დიდწილად ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორით არის განპირობებული:

"...პირველი, ეს არის ამ ორი ერის მჭიდრო და ბუნებრივი მეგობრობა, რომელიც წინ უსწრებს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენას. პირველი ამერიკელი ვიზიტორი საქართველოში 1804 ჩამოვიდა, მას მოჰყვა ჯოელ პოინსეტი 1807 წელს, რომელმაც  მოგვიანებით გაითქვა სახელი, როგორც კონგრესმენმა და ამერიკის ელჩმა  მექსიკაში, რომლის სახელსაც უკავშირდება „პოინსეტის“ მცენარის  „აღმოჩენა“. პოინსეტი თავის დღიურებში ხოტბას ასხამდა ქართულ სტუმართმოყვრეობას და აღწერდა, თუ როგორ ივახშმა „მის უდიდებულესობა იმერეთის დედოფალთან მისი სახლის სახურავზე“. წლების განმავლობაში ამერიკელებისა და ქართველების მეგობრობა იზრდებოდა. ეს კარგად არის წარმოჩენილი მე-19 საუკუნეში ჯორჯ კენანის საქართველოში მოგზაურობის აღწერაში, გურული მხედრების ბუფალო ბილის ველური დასავლეთის შოუში მონაწილეობით, მკვლევარი უილიამ ოსგუდის საველე მოგზაურობით საქართველოში 1929 წელს; ჯონ სტეინბეკის ვიზიტით საქართველოში 1950 და 60-იან წლებში; ბენი გუდმენის კონცერტებით თბილისში 1962 წელს. და კიდევ ისეთი სახელგანთქმული ადამიანებით, როგორებიც იყვნენ ჯორჯ ბალანჩინი, ჯორჯ ქობი, პრინცი მაჩაბელი, ალექსანდრე ქართველი – რომლებიც დიდი წარმატებით მოღვაწეობდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. რომ აღარაფერი ვთქვათ გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილზე, აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბის მეთაურზე. ამ კავშირებს განასახიერებენ ისეთი ადამიანები, როგორებიც იყვნენ ბობ უოლში, სიეტლის ანტერპრენერი, რომელმაც ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩამოიტანა საქართველოში და დააფინანსა კრიტიკულად აუცილებელი ოპერაციები ბაშვებისთვის.

ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობა წარმოდგენელია ისეთი ადამიანებით, როგორიცაა ამერიკელი ასტროფიზიკოსი კარლ საგანი, რომელსაც სჯეროდა, რომ ქართული სიმღერა „ჩაკრულო“ კაცობრიობის მიღწევების ნატიფ მრავალფეროვნებას განასახიერებს. ჩემი და სხვა ამერიკელების მსგავსად, იგი აღფრთოვანებული იყო ქართული სიმღერის მრავალხმოვანებით. საგანი დაჟინებით მოითხოვდა ჩაკრულოს დატანას ნასას „ვოიაჟერის“ ოქროს ფირფიტაზე, მიუხედავად კრემლის  პროტესტისა, რომელსაც  ქართული სიმღერის „მოსკოვური საღამოები“-თ ჩანაცვლება სურდა. მე იმ დროს ვმუშაობდი რეაქტიული ძრავის ლაბორატორიაში კალიფორნიაში, როდესაც ვოიაჟერისგან მივიღეთ პლანეტების განსაცვიფრებელი ფოტოები, კოსმოსში მისი მოძრაობის დროს გადაღებული, როდესაც  ჩაკრულო და სხვა საგანძური  გალაქტიკაში მიჰქონდა.

ქართველები და ამერიკელები ბუნებით მეგობრები  ვართ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი  რამ გვაქვს საერთო: თავისუფლების, ოჯახის, რწმენის, სხვების წარმატების დახმარების სიყვარული და, ასევე, მრავალფეროვნებისა და განსხვავებულობის  დაფასება და პატივისცემა. როდესაც  საქართველოში ვმოგზაურობ, ხშირად ვხვდები ადამიანებს, რომლებმაც გარკვეული დრო დაჰყვეს შეერთებულ შტატებში ჩვენი მრავალი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. გულს მითბობს ამერიკის შესახებ მათი ამბებისა და შთაბეჭდილებების მოსმენა. ბევრი მათგანი ინარჩუნებს კავშირებს თავის მასპინძელ ოჯახებთან და ბევრი ამბობს, რომ მათ ცხოვრებაში  ეს გამოცდილება გარდამტეხი მომენტი იყო.

დაახლოებით 20 სხვადასხვა პროგრამით ამერიკის საელჩო თბილისში ახორციელებს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გაცვლით პროგრამებს და ყოვეწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში აგზავნის 200-ზე მეტ მონაწილეს, რომლებსაც წვლილი შეაქვთ იდეებისა და კულტურის გაცვლის უაღრესად მნიშვნელოვან გამოცდილებაში.  რა თქმა უნდა, ჩვენი „მშვიდობის კორპუსის“ არაჩვეულებრივი მოხალისეები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ წლების განმავლობაში ამერიკა-საქართველოს კავშირების გაძლიერების საქმეში. 2001 წლიდან 500-ზე მეტმა  „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისემ შეისწავლა ქართული ენა და იცხოვრა  საქართველოს სხავადასხვა რეგიონში. მათ მტკიცე  მეგობრობა დაამყარეს ქართველებთან ინგლისური ენის სწავლების, არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის, ეკონომიკური განვიათარების მხარდაჭერისა და ადგილობრივ პროექტებში პარტნიორობის მეშვეობით. ამერიკელი მოხალისეები მასპინძელ ოჯახებს თავიანთ „ქართულ ოჯახებს“ უწოდებენ.  ჩვენ ახლა ვახორციელებთ “მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეების საცდელ ვირტუალურ პროგრამას კოვიდის გამო , თუმცა ვმუშაობთ მოხალისეების ფიზიკურად დაბრუნებაზე, იმედია ამ წლის ბოლოს.

ერთ-ერთი ყველაზე ადრინდელი  და ძლიერი თანამშრომლობის სფერო  ჩვენი სამხედრო თანამშრომლობაა. პირველი ოფიციალური ამერიკელი სტუმარი საქართველოში, ფაქტობრივად, უილიამ ტეკუმსე შერმანი იყო, რომელიც საქართველოს 1872 წელს ეწვია, როგორც ამერიკის არმიის მეთაური გენერალი. ათასობით ვიზიტორის ჩამოსვლის შემდეგ, ჩვენი  ურთიერთობა უსაფრთხოების სფეროში გადაიზარდა მჭიდრო და გრძელვადიან მეგობრობაში. ჩვენი ჯარისკაცები ერთად სწავლობენ, ერთად იწვრთნებიან, ერთად მიუსხდებიან სუფრას და როდესაც საჭიროა, ერთად იბრძვიან. შეერთებული შტატები მხარს უჭერდა და უჭერს საქართველოს ძალისხმევას  სამხედრო ძალების მოდერნიზაციისა და გაძლიერების კუთხით. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, როდესაც  ვხედავთ საქართველოს თავდაცვის ძალების შთამბეჭდავ პროგრესს, ასევე სანაპირო დაცვისა და სასაზღვრო პოლიციის წარმატებებს. ჩვენ განვახორციელეთ 1,5 მილიარდ  დოლარზე მეტის ინვესტიცია საქართველოს მდგრადობის გაძლიერების, საზღვრებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში დასახმარებლად. ჩვენი მტკიცე ერთგულება  უსაფრთხოების სფეროს ორმხრივი თანამშრომლობის მიმართ მომდინარეობს ჩვენი საერთო ღირებულებებისა და გამოცდილებისგან, ვიდექით რა, საერთო მტრების წინააღმდეგ  ტერორიზმთან ბრძოლაში ერაყსა და ავღანეთში და, ვუჭერთ რა მხარს, დემოკრატიული  ღირებულებების განმტკიცებას...."

განცხადება სრულად

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი