მთაწმინდის, ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონებში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველი მარტიდან ამოქმედდება. ამასთან დაკავშირებით თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის დამატებითი ადგილები გამოიყოფა საბურთალოს რაიონში.
"ზონალურ-საათობრივი პარკირება დიდუბის რაიონში მოიცავს წერეთლისა და ცაბაძის ქუჩებს, ჯამში, 90 საპარკინგე ადგილით. ჩუღურეთის რაიონში, 13 ქუჩაზე გამოიყოფა, ჯამში, 497 საპარკინგე ადგილი. მთაწმინდის რაიონში, თავისუფლების მოედანსა და 32 ქუჩაზე ამოქმედდება, ჯამში, 1 116 ადგილი. საბურთალოს რაიონში დაემატება სამი ქუჩა, კერძოდ, ჩიქოვანის, ბალანჩივაძეებისა და ჩაილურის ქუჩები, ჯამში, 135 ადგილით. ამ რაიონებში, ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის სულ 1 838 ადგილიდან 44 განკუთვნილი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ავტომანქანების პარკირებისთვის, ხოლო ოთხი ადგილი ელექტრომობილების დამუხტვისთვის", - თქვა კალაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ პირველი თებერვლიდან ზემოხსენებულ რაიონებში გამოყოფილ პარკირების არეალებში საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება, სადაც მოქალაქეები რეგისტრაციის გავლას შეძლებენ.