"არა ძალადობას!", "არა მჩაგვრელ სისტემას!" - საპროტესტო ტალღა ქვეყანაში

გამოქვეყნდა:

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანზე პოლიციელის ძალადობის შემდეგ, დედაქალაქი და რეგიონები პროტესტის ახალმა ტალღამ მოიცვა.

"არა ძალადობას!" "არა მჩაგვრელ სისტემას!" - ამ ლოზუნგით მოქალაქეები თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, გორისა და თელავის ქუჩებში აქციებს მართავენ.

დედაქალაქში მოქალაქეები "ქართული ოცნების" ოფისთან არიან შეკრებილი. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ცალკეული პოლიციელების დაკავება პრობლემას ვერ მოაგვარებს, რადგან სისტემური ცვლილებებია საჭირო.

"მთავარი გზავნილი, რაც გვინდა ვუთხრათ საზოგადოებას, არის ის, რომ შემდეგი შეიძლება თქვენ იყოთ, თქვენი შვილები ან თქვენი ოჯახის წევრები. მნიშვნელოვანია, ყველამ გაიაზროს ერთი რამ, ეს არის სისტემური დანაშაული, ეს არ არის რიგითი პოლიციელების პრობლემა. ლუკა სირაძე, ბავშვი მიიყვანეს თვითმკვლელობამდე ერთი უწყინარი წარწერის გამო. ეს მერე პროკურატურამაც დაადასტურა, დაიჭირეს კონკრეტული ადამიანი, მაგრამ რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს. ეს ნიშნავს, რომ სისტემა მფარველობს მოძალადეებს. ეს ვიდეო რომ არ გადაეღო მეორე ახალგაზრდას, ხომ შერჩებოდა ხახვივით ამ პოლიციას, სისტემას ბავშვის წამება და არაადამიანური მოპყრობა", - თქვა ენმ-ის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.

აქციის ლოკაციებზე დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალებია მობილიზებული.

შეგახსენებთ, 24 იანვარს სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, როგორ ძალადობს პოლიცია შშმ პირზე. ვიდეო ერთ-ერთ მეტროსადგურშია გადაღებული. ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე პოლიციელს ბიჭის მეგობრები უხსნიდნენ, რომ ახალგაზრდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე იყო, მას არც ესმოდა, არც საუბარი არ შეეძლო და მის კითხვებს ვერ უპასუხებდა. მომხდართან დაკავშირებით პოლიციელები გუშინ, 25 იანვარს დააკავეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი