"ფილმი, რომელიც ქართველი მილიარდერის სულელურ და დამანგრეველ გატაცებას აღწერს" - სტატიას ამ სათაურით გავლენიანი ბრიტანული გამოცემა "გარდიანი" ავრცელებს.
სტატიის ავტორი, რეჟისორ სალომე ჯაშის მიერ, ბიძინა ივანიშვილის ახირებებზე გადაღებულ ფილმს განიხილავს და წერს, რომ ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ასწლოვან ხეებს ყიდულობს, ძირფესვიანად თხრის და საკუთარ ბაღში რგავს.
"როგორც სევდიანი, გაუმაძღარი მეფე რომელიმე ზღაპარში, ან იგავში, ქართველმა მილიარდერმა და ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 6 წლის წინ დაიწყო ასობით მწიფე ხის ყიდვა, ამოძირკვა და კოლოსალური თანხებითა და უზარმაზარი გაჭირვებით, კერძო ბაღში დასანერგად გადატანა. ეს ხანდახან გულისხმობს ხეების გადატანას წყლით, შავი ზღვის სანაპიროზე - ნამდვილად სიურეალისტური სურათი",-წერია სტატიაში.
ჟურნალისტი სტატიაში ხეების გადატანის პროცესს დეტალურად აღწერს და ამბობს რომ ივანიშვილის ახირებების შესრულება მაშინ ხდება, როდესაც მოქალაქეები მისი პოლიტიკური დაპირებების შესრულებას ელოდებიან.