უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე ოპოზიცია და ქართული ოცნება ვერ შეთანხმდა. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ მმართველი უმრავლესობის შეთავაზებული ვარიანტიდან ამოღებულია ფრაზა რუსეთის სამხედრო აგრესია და ოკუპანტი ქვეყნის ძალადობრივ ქმედებებზე შეფასება გაკეთებული საერთოდ არაა.
რეზოლუციის პროექტის სახელწოდებაა “უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“. მისი შინაარსი კი ასეთია:
“საქართველოს პარლამენტი -ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობას და საერთაშორისო ხელშეკრულებებს;
მიესალმება რა საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპების აღიარებასა და დამკვიდრებას;
ერთგულია რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა, მათ შორის საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპებისა;
გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას;
აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია;
მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი;
სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატური ინსტრუმენტების გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში“.
დოკუმენტი პარლამენტს “ქართული ოცნების“ სახელით წარედგინება და მას ამ დრომდე მმართველი გუნდის გარდა, არც ერთი საპარლამენტო ჯგუფი ხელს არ აწერს.
რეზოლუციის პროექტზე ქართული ოცნებისა და ოპოზიციის დეპუტატები დილიდან მუშაობდნენ. ბოლო შეხვედრამდე კეთდებოდა განცხადებები რომ პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება მიღწეული იყო.
არ არის გამორიცხული ოპოზიციამ უკრაინის მხარდამჭერი ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრიროს.