
პარლამენტი დღეიდან ცესკოს თავმჯდომარეობისა და ე.წ პროფესიული წევრობის კანდიდატების მოსმენას იწყებს. საკანონმდებლო ორგანოს საარჩევნო კომისიის დასაკომპლექტებელი სია პრეზიდენტმა შესთავაზა. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატებად პრეზიდენტმა თენგიზ თევზაძე და გიორგი კალანდარიშვილი შეარჩია.
"არ არსებობს არანაირი ხელისშემშლელი გარემოება იმის თაობაზე, რომ არ მოხდეს მხარდაჭერა სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანებების მხრიდან", - ამბობს თავმჯდომარეობის კანდიდატი, გიორგი კალანდარიშვილი.
რაც შეეხება წევრებს - დასახელებულია ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძის, მაია ზარიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურები. პარლამენტი სავარაუდოდ ცესკოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას საგაზაფხულო სესიის პირველივე პლენარულ სხდომაზე მიიღებს.
ცნობისთვის, ცესკო-ს თავმჯდომარის 5 წლის ვადით ასარჩევად, პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის (100 დეპუტატი) მხარდაჭერაა საჭირო. თუ კანდიდატი საკმარის ხმებს ვერ მიიღებს, განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდება. განმეორებით კენჭისყრაზე ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერაც საკმარისი იქნება, თუმცა ასეთ შემთხვევაში, კანდიდატი თანამდებობას 6 თვის ვადით დაიკავებს, როგორც ეს წინა ჯერზე, გიორგი კალანდარიშვილის არჩევისას მოხდა.