
პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ცესკო-ში ასარჩევ ე.წ პროფესიული წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. დღესვე დეპუტატები თავმჯდომარეობის კანდიდატებსაც მოუსმენენ.
პროცესს ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს და ამბობს, რომ მას ლეგიტიმაცია არ გააჩნია. საპირისპიროს ამტკიცებენ მმართველ გუნდში და ოპონენტებს მოუწოდებენ, კანდიდატებთან გასაუბრებაში მონაწილეობა მიიღონ:
"საპარლამენტო სუვერენიტეტი, მათზე დაკისრებული მოვალეობა მათ ავალდებულებთ, რომ ისინი დაესწრონ სხდომებს, დასვან შეკითხვები რა არ მოსწონთ რომელიმე თავმჯდომარეობის კანდიდატთან მიმართებაში, რას უწუნებენ რომელიმე თავმჯდომარეობის კანდიდატს, ან ცესკო-ს წევრობის რომელიმე კანდიდატს", - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმი, ისინი მხარს თავმჯდომარედ თენგიზ თევზაძის კანდიდატურას დაუჭერენ.
პროცესში არ მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. მათი თქმით, შეცვლილმა კანონმდებლობამ ნდობა დაუკარგათ.
ცნობისთვის, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატებად პრეზიდენტმა თენგიზ თევზაძე და გიორგი კალანდარიშვილი შეარჩია. რაც შეეხება წევრებს - დასახელებულია ქრისტინე ქაჯაიას ლევან ისაკაძის, მაია ზარიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურები.
შეგახსენებთ, ცესკო-ს თავმჯდომარის 5 წლის ვადით ასარჩევად, პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის (100 დეპუტატი) მხარდაჭერაა საჭირო. თუ კანდიდატი საკმარის ხმებს ვერ მიიღებს, განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდება. განმეორებით კენჭისყრაზე ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერაც საკმარისი იქნება, თუმცა ასეთ შემთხვევაში, კანდიდატი თანამდებობას 6 თვის ვადით დაიკავებს, როგორც ეს წინა ჯერზე, გიორგი კალანდარიშვილის არჩევისას მოხდა.