პოლიტიკოსებმა და აქტივისტებმა "ანტიკორუფციული მოძრაობა" დააფუძნეს

გამოქვეყნდა:

თბილისში საზოგადოებრივი გაერთიანება "ანტიკორუფციული მოძრაობა" დაფუძნდა. მოძრაობა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს და სამოქალაქო აქტივისტებს აერთიანებს. 

ორგანიზაცია დედაქალაქსა და რეგიონებში იმუშავებს, მოამზადებს კანონდარღვევის ფაქტებზე სარჩელებს და მიმართავს პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

"ანტიკორუფციული მოძრაობა საქართველოს ყველა ქალაქში, რაიონში. ჩვენ გვექნება სპეციალური ჟილეტები და ამ ჟილეტებით ძალიან ბევრს შეექმნება პრობლემა, იმიტომ, რომ მათი დანახვის შესაბამისად, მიხვდებიან, რომ არიან ქურდები და მათზე აუცილებლად მომზადდება კონკრეტული სარჩელები. ჩვენ ვაპირებთ კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების მხილებას, ბრალდების მომზადებას და პროკურატურაში ჩაბარებას", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი.

როგორც სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის დამფუძნებელმა, ვასო ურუშაძემ აღნიშნა, კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლის გარეშე სახელმწიფოს განვითარება შეუძლებელია.

"ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხების ფორმულა არის ანტიკორუფციული მოძრაობა. უკომპრომისო ბრძოლა კორუფციასთან, რომელიც არის მთავარი საფუძველი როგორც ავტორიტარული, ასევე ოლიგარქიული რეჟიმის, იქნება ჩვენი სახელმწიფოს განვითარების საფუძველი. წარმოუდგენელია სახელმწიფო განვითარება იქ, სადაც არის კორუფცია, მთავარი არის კერძო ინტერესი და მეორეხარისხოვანია სახელმწიფო ინტერესი", - თქვა მან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი