ბათუმის მე-13 საბავშვო ბაღის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. უკვე ერთი თვეა, არსებული ვითარების გამო, პატარები სხვადასხვა დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.
"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ბაღი 2016 წელს აშენდა. მშენებლობისთვის მილიონამდე ლარი დაიხარჯა, თუმცა 4 წელიწადში ბაღი ნგრევის პირასაა და აღმზრდელობითი პროცესი იქ გაურკვეველი ვადით შეწყვეტილია.
ოპოზიცია სავარაუდო კორუფციაზე საუბრობს და შესაბამის ორგანოებს საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
"ბაღის რეაბილიტაციასა მშენებლობაში დაიხარჯა 900 ათას ლარამდე, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ შეწყვეტილია აღმზრდელობითი პროცესი, ბავშვები გაყვანილი არიან სხვადასხვა ბაღში იმიტომ, რომ შენობა ინგრევა. ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ კორუფციაშია ბათუმის მერია ჩართული და როგორ ხდება ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადების ხარჯვა. მოვუწოდებ შესაბამის სამსახურებს, დაინტერესდნენ პრობლემით", - თქვა ენმ-ის წევრმა.
ის პასუხისმგებლობას "ქართული ოცნებას" და პარტიის მაღალჩინოსნებს აკისრებს, რომლებმაც ეს მშენებლობა ჩაიბარეს.
ბაღების გაერთიანების დირექტორი აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე ინფორმირებულია, თუმცა მისივე თქმით, ჯერჯერობით ექსპერტიზის პასუხს ელოდება, რის შემდეგაც უნდა გადაწყდეს, რა ბედი ელის შენობას.