ასი ათასობით ღირებულების მაჯის საათები, საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი ქვეყანა, ფეხსაცმლის გარეშე დარჩენილი ჯარი და თავდაცვის ბიუჯეტის 75 მილიონიანი სეკვესტრი - თავდაცვის მინისტრს დღეს პარლამენტში ელოდებიან. ირაკლი ღარიბაშვილი საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფარგლებში მივა.
ირაკლი ღარიბაშვილის წლიურ ანგარიშს ბოიკოტს უცხადებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები მინისტრისთვის კითხვების დასმის აზრს ვერ ხედავენ. მათ თქმით, ის რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა და კორუფციაა, ისედაც ნათლად ჩანს.
დღევანდელ მოსმენას არ დავესწრებით. სისტემაში არის კორუფცია, ისევე, როგორც ყველა მიმართულებით საქართელოს ხელისუფლებაში. მინისტრმა განაცხადა, რომ ოპოზიციას არ უპასუხებს. ეს არის პირდაპირ კონსტიტუციის დარღევა და თავხედური განცხადება, მაგრამ ჩვენც არ ვთვლით მას შეკითხვების ღირსად,- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, რომან გოცირიძემ.
თავდაცვის მინისტრის მიმართ კითხვების არარსებობაზე საუბრობს "ევროპული საქართველოს" წევრი, სერგი კაპანაძეც.
ღარიბაშვილი არის გამორჩეულად ოდიოზური მინისტრი ამ მთავრობაშც კი, რომელიც იმკვიდრებს სახელს თავისი სიბნელით, თავისი არაკომპეტენტურობით და რეალურად, მასთან არანაირი კითხვები არ გაგვაჩნია., - აცხადებს კაპანაძე.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები კი ოპოზიციის მხრიდან ისევ პოლიტიკურ სპეკულაციაზე საუბრობენ. ხელისუფლების ოპონენტების ბოიკოტის მიზეზი მათთვის გაუგებარია.
უნდა ვიფიქროთ მომავალზე, როგორ უფრო მეტად უნდა შევძლოთ ჩვენი თავდაცვის უნარიაონობის გაძლიერება, ამიტომ იქნება კითხვებიც, იქნება მოსაზრებებიც. ქვეყანაში, რომელსაც ასეთი ტიპის გამოწვევები აქვს და ასევე, ძალიან მნიშნელოვანი ინტერესები აქვს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების თვალსაზრისით და ოპოზიცია არ ესწრება სრულად, მიმაჩნია, რომ ეს არის არასწორი, - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი.
თავდაცვის მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში პირევლად მივა.