პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს უსმენენ, "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ და კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა იკამათეს.
ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც მანჯგალაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატ თენგიზ თევზაძეს მიმართა და თქვა, რომ არ აპირებს დისკუსიას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები საქართველოში.
"ჩვენ ვერასდროს შევთანახმდებით ამ საკითხზე, ოპოზიცია და ხელისუფლება როგორც ჩანს. მე არჩევნებს ვხედავ სხვანაირად, NDI-ს კვლევამ აჩვენა ის, რომ აქ მთავარი არის ნდობა საზოგადოების...", - თქვა მანჯგალაძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებას ანრი ოხანაშვილი ასე გამოეხმაურა:
"საბოლოოდ არ აპირებდით შემოსვლას მაგრამ აქ ხართ, გაყალბებულ პარლამენტში არ შემოდიოდით, მაგრამ შემოხვიდეთ, ახლა ტრიბუნასაც ითხოვთ... NDI-ს კვლევის გარეშე ისაუბრეთ".
საპასუხოდ, პაატა მანჯგალაძემ კომიტეტის თავმჯდომარეს მოუწოდა, კითხვის ფორმულირებაში ჩარევისგან თავი შეეკავებინა.
"მე NDI-ს გარეშე ვისაუბრებ თუ არა ეს არის ჩემი საქმე. ჩემი ფორმატია და მე ვსვამ კითხვას და ფორმულირებას და შინაარსს მე განვსაზღვრავ. დირექტორები ხომ არ გგონიათ მართლა თავი აქ თქვენ?!", - უპასუხა ოხანაშვილს პაატა მანჯგალაძემ.
კამათი რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ოპოზიციონერი დეპუტატები არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდა, კომიტეტის თავმჯდომარე კი თავის მხრივ ამტკიცებდა, რომ არჩევნები "ლეგიტიმურად შეფასდა".
ცნობისთვის, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატებად პრეზიდენტმა თენგიზ თევზაძე და გიორგი კალანდარიშვილი შეარჩია. რაც შეეხება წევრებს - დასახელებულია ქრისტინე ქაჯაიას ლევან ისაკაძის, მაია ზარიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურები.
ცესკო-ს თავმჯდომარის 5 წლის ვადით ასარჩევად, პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის (100 დეპუტატი) მხარდაჭერაა საჭირო. თუ კანდიდატი საკმარის ხმებს ვერ მიიღებს, განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდება. განმეორებით კენჭისყრაზე ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერაც საკმარისი იქნება, თუმცა ასეთ შემთხვევაში, კანდიდატი თანამდებობას 6 თვის ვადით დაიკავებს, როგორც ეს წინა ჯერზე, გიორგი კალანდარიშვილის არჩევისას მოხდა.