იაპონია უკრაინას რუსული აქტივების ხარჯზე 3 მილიარდ დოლარს გამოუყოფს. ინფორმაციას ქვეყნის პრემიერმინისტრი, დენის შმიჰალი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
შმიჰალის თქმით, უკრაინის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ რუსეთის ფედერაციის ყველა გაყინული აქტივი უკრაინის აღდგენას მოხმარდება.
"[უკრაინის] მთავრობამ იაპონიასთან შეთანხმება დაამტკიცა, რომელიც ERA ინიციატივის ფარგლებში დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის მიღების საშუალებას მისცემს [50 მილიარდი დოლარის კრედიტი დიდი შვიდეულისგან]", - წერს შმიჰალი.
მან დააკონკრეტა, რომ ასეთი სესხი რუსეთის გაყინული აქტივებიდან იქნება უზრუნველყოფილი. თანხები ბიუჯეტის პრიორიტეტულ პუნქტებს, უკრაინის აღდგენასა და განვითარებას მოხმარდება. პრემიერმინისტრმა მადლობა გადაუხადა "დიდი შვიდეულის" ქვეყნებს ინსტრუმენტის შექმნისთვის, რომელიც რუსეთს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას აიძულებს.