ქუთაისში, ისტორიული თეთრი ხიდი რომლის რეაბილიტაციაც ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯა, ისევ სარემონტოა. ხიდი რეაბილიტაციის დღიდან არაერთხელ დაზიანდა, ზამთარში კი, როგორც ადგილობრივები ამბობენ, მასზე გადაადგილება სიცოცხლისთვის საშიშია.
განმეორებით რეაბილიტაციაზე ქალაქის მერი, იოსებ ხახალეიშვილი ალაპარაკდა. აღსანიშნავია, რომ 3 წლის წინ, როდესაც ხიდის რეაბილიტაცია განხორციელდა, ხახალეიშვილი იმერეთის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
თანხის არამიზნობრივი ხარჯვა და მოსახლეობის დაცინვა - ასე აფასებს მესამე სექტორი და ოპოზიცია ხიდის განმეორებით რეაბილიტაციას.
"ნახევარი მილიონი ლარი არის დახარჯული და გარდა იმისა, რომ დამახინჯებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - თეთრი ხიდი და მისი ავთენტურობა შეცვლილია, ეს უბრალოდ იქცა ადამიანებისთვის წინაღობად. ვერ ნახავთ მსოფლიოში პრეცედენტს, სადაც ხიდები ამ მდგომარეობაში. ვითხოვთ იმ ადამიანების პასუხისმგებლობის დაყენებას, ვინც თეთრი ხიდი აქამდე მიიყვანა და ამ პასუხისმგებლობაში მოიაზრება ქუთაისის დღევანდელი მერიც", - თქვა ორგანიზაცია "ევროპა ჩემი სახლიას" წარმომადგენელმა, თორნიკე ბარათაშვილმა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები "ოცნების" ხელწერაა და ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მილიონობით ლარი იხარჯება.
"ქუთაისის მერისგან მივიღეთ პირობა, რომ მზად არის დაიწყოს დროულად ამ პრობლემის მოგვარება. რამდენად შეასრულებს სიტყვას, ამას დრო გვაჩვენებს, მაგრამ ფაქტია, რომ თეთრი ხიდი საჭიროებს ხელახალ რეაბილიტაციას. ცალკე თემაა ის, რომ უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც გაფლანგა ნახევარი მილიონი ლარი და ამ დღეში ჩააგდო როგორც კონსტრუქცია, ასევე მისი ზედაპირი, რომელზეც გავლაც შეუძლებელია თუ ამინდი ოდნავ შეიცვლება", - თქვა ენმ-ის წევრმა, გიგა შუშანიამ.