"ეს არის მუნიციპალიტეტის რეპრესიული პოლიტიკის გამოვლინება" - SJC ორხევში სახლების დანგრევაზე

გამოქვეყნდა:

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" (SJC) ორხევის დასახლებაში საცხოვრისების ნგრევას ეხმაურება და მუნიციპალიტეტს მოუწოდებს, უზრუნველყოს დაზარალებული ადამიანები გრძელვადიანი საცხოვრისითა და საჭირო სერვისებით.

მათი განცხადებით, "საცხოვრისების ნგრევა არა ერთეულ შემთხვევას, არამედ მუნიციპალიტეტის რეპრესიული პოლიტიკის ერთ-ერთ გამოვლინებას წარმოადგენს". 

"თბილისის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის მიერ ნაგებობების დემონტაჟის პროცესმა კიდევ ერთხელ აჩვენა ის ნულოვანი მგრძნობელობა, რაც თბილისის მერიას უსახლკარო და უსახლკარობის საფრთხის წინაშე მყოფი ადამიანების მიმართ აქვს. ამ პროცესში მერიის ერთადერთ არგუმენტს წარმოადგენს არსებული მშენებლობების ნებართვის გარეშე აშენების ფაქტი და კანონის ფორმალური აღსრულება - “უკანონო” საცხოვრისების დემონტაჟი", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში. 

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ალტერნატიული სათანადო საცხოვრისის შეთავაზების გარეშე, ზამთრისა და COVID-19-ის ვირუსის უპრეცედენტო გავრცელების პირობებში, ადამიანების ქუჩაში დატოვება მათ ფიზიკური განადგურების რისკის წინაშე აყენებთ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, SJC-ი მიმართავს:

თბილისის მუნიციპალიტეტს:

  • დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ორხევში საცხოვრისების დემონტაჟის პროცესი და დაიწყოს მუშაობა ამგვარ საცხოვრისებში მცხოვრებთა საჭიროებების, მათ წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრისათვის;
  • შეისწავლოს დემონტაჟის პროცესში დაზარალებული პირების საჭიროებები და უზრუნველყოს ისინი რელევანტური მხარდამჭერი მექანიზმებით, მათ შორის, ადეკვატური საცხოვრისით;
  • დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას და მისი აღსრულებისას პრიორიტეტულად მიიღოს მხედველობაში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:

  • უმოკლეს ვადაში შეიმუშაოს საცხოვრისის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც უსახლკარობასთან ბრძოლის ზოგადი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს ჩამოყალიბების პარალელურად, მოახდენს გამოსახლების, მათ შორის, დემონტაჟის, შემთხვევების პრევენციასა და მინიმუმამდე დაყვანას.

საქართველოს მთავრობას და პარლამენტს:

  • მოხდეს საცხოვრისის დემონტაჟისას ადამიანების შენობიდან გამოყვანის აღიარება გამოსახლების ფორმად და მასზე გავრცელდეს მორატორიუმის რეჟიმი;
  • განხორციელდეს გამოსახლების მარეგულირებელი კანონმდებლობის, ასევე პოლიტიკისა და პრაქტიკის სრული ჰარმონიზაცია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალთან.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი