ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივი და არარაციონალური ხარჯვა ბათუმის მერიაში | სახელმწიფო აუდიტის დასკვნა

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტიდან, რომელიც 2019-2020 წლებს მოიცავს, ირკვევა, რომ ბათუმის მერია საბიუჯეტო ხარჯებს არამიზნობრივად და არარაციონალურად იყენებს. საუბარია შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო შესყიდვების, სარეზერვო ფონდის თანხების არამიზნობრივად გამოყენებისა და სხვადასხვა დარღვევების შესახებ.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

შრომის ანაზღაურება

  • დასაქმებულთა ნამუშევარი დღეების აღრიცხვისა და შტატგარეშედ დასაქმებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტში არ ფუნქციონირებს ფაქტობრივად ნამუშევარი დროის აღრიცხვის სისტემა. გარკვეულ შემთხვევაში, აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირები მიიღებოდნენ მუდმივი ამოცანების შესასრულებლად, ხოლო მათ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება დოკუმენტურად არ დასტურდება. აღნიშნული გარემოება შრომის ანაზღაურების სახით გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან მიმართებით, არსებული კონტროლის მექანიზმების არსებით სისუსტეზე მიუთითებს და საბიუჯეტო სახსრების არარაციონალურად ხარჯვის რისკებს შეიცავს.

საქონელი და მომსახურება

  • წარმომადგენლობით და ტრანსპორტის მოვლა-შენახვის ხარჯებთან დაკავშირებული ნაკლოვანებები - წარმომადგენლობითი ხარჯების მართვის არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების დასაბუთებულ ხარჯვას. ამასთანავე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის სუსტი შიდა კონტროლის პირობებში, არარაციონალურად გახარჯულია საწვავი. არ არის დაცული მთავრობის მიერ შემუშავებული რეგულაციები სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობასთან დაკავშირებით, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა 20.916 ლარამდე საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა. აღნიშნული ავტოპარკის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ ერთიანი პოლიტიკის განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებაა და ვერ უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურ და რაციონალურ ხარჯვას.

საკრებულოს წევრების შრომის ანაზღაურება

  • საკრებულოს წევრების შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტმა 2019-2020 წლებში საკრებულოს არათანამდებობის პირებზე, შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე, ხარჯის ანაზღაურების მიზნით გასცა სულ - 107.051 ლარი.

სახელმწიფო შესყიდვები

  • სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ნაკლოვანებები - გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება განისაზღვრა ბაზრის არასათანადო კვლევის საფუძველზე, რის შედეგად, მერიამ არანაკლებ 22.408 ლარის ეკონომიის მიღების შესაძლებლობა დაკარგა. ამასთანავე, ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით არსებული კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულების შესრულების სათანადო დადასტურებას და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის რისკებს შეიცავს.

სარეზერვო ფონდი

  • სარეზერვო ფონდის ხარჯვასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გაწეული დანახარჯების დაფინანსების დამტკიცებული წესის დარღვევისა და არაერთგვაროვანი მიდგომის ფაქტების მიუხედავად, მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის ოქმებში არაფერია აღნიშნული მიღებული გადაწყვეტილების არგუმენტების შესახებ, რაც წარმოშობს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების რისკებს.

სესხის მომსახურება

  • სასესხო ვალდებულების მომსახურებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, როგორც პროექტების განმახორციელებელმა ორგანომ, ვერ უზრუნველყო დაგეგმილი პროექტების დადგენილ ვადებში შესრულება, რის გამოც სესხის სახით გამოყოფილი სახსრები არ იქნა ათვისებული და, შესაბამისად, კრედიტის მომსახურების ხარჯები გაიზარდა. აღნიშნული სესხების ფარგლებში, 2019-2020 წლებში ჯამურად გაწეულია 290.371 ლარის არაეფექტიანი ხარჯი.

ძირითადი აქტივების აღრიცხვა

  • ძირითადი აქტივების აღრიცხვასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული შიდა კონტროლის მექანიზმი ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სათანადო აღრიცხვას, სრულად არ ტარდება ინვენტარიზაცია, რაც ზრდის აქტივების დაუცველობასთან დაკავშირებულ რისკებს. ამასთანავე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვა დაწესებულებების დაკვეთით აშენებული 68,8 მლნ ლარის შენობა-ნაგებობების აღრიცხვასთან დაკავშირებით, არსებული შეუთანხმებელი საკითხები უარყოფითად მოქმედებს აქტივების მოვლასა და სათანადო ექსპლუატაციაზე, რამაც შესაძლოა დამატებითი ფინანსური რესურსის ხარჯვა განაპირობოს.

ქონების იჯარით გაცემა

  • ქონების იჯარით გაცემასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები - 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მერიის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარით გაცემის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, საიჯარო გადასახადისა და პირგასამტეხლოს სახით გადაუხდელია 2.450.249 ლარი, რომელიც ბუღალტრულად არ არის აღრიცხული. დიდი ოდენობით გადაუხდელი საიჯარო გადასახადის აღურიცხავი თანხები კონტროლის არსებით სისუსტეზე მიუთითებს და წარმოშობს შესაძლებლობას, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება არამართლზომიერად იყოს გამოყენებული ან/და არ იქნეს გადახდილი საიჯარო გადასახადი.

მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობა

  • მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობაში არსებული ხარვეზები - მერიის მიერ უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით გატარებულმა ღონისძიებებმა ვერ უზრუნველყო უნებართვო მშენებლობების შეჩერება და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უკანონო გამოყენება, რაც ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე მშენებლობების ზედამხედველობასთან დაკავშირებული შიდა კონტროლის სისტემის არსებით სისუსტეზე მიუთითებს და წარმოშობს არამართლზომიერი ქმედების რისკებს.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი