შეწყვეტს თუ არა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო ბოიკოტს - ამასთან დაკავშირებით პარტიის გადაწყვეტილება მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი.
ენმ-ს ოფისში გამართული კონსულტაციების შემდეგ, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ ორშაბათს პარტია სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით დეტალურ განმარტებებს გააკეთებს.
"დღეს ფრაქციამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია", მივიღეთ გადაწყვეტილება, როგორი იქნება ჩვენი სტრატეგია პარტიული და ფრაქციული, მათ შორის გაზაფხულზე. ეს იქნება ფართო სტრატეგია, მათ შორის ყველაფერზე - საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით, პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებით. ორშაბათს მე პირადად წარმოგიდგენთ ამ სტრატეგიას", - თქვა ხატია დეკანოიძემ.
პარტიის წევრები ამბობენ, რომ საპარლამენტო საქმიანობაში მათთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, მათ შორის უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და მის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა.