დიდი ბრიტანეთი აღმოსავლეთ ევროპაში ჯარების რაოდენობის გაორმაგებას განიხილავს

გამოქვეყნდა:

რუსეთის მხრიდან სამხედრო მოქმედებების საფრთხის გამო, დიდი ბრიტანეთი აღმოსავლეთ ევროპაში ჯარების რაოდენობის გაორმაგებას განიხილავს. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა გააკეთა და თქვა, რომ ჯარების შესაძლო განლაგება, "კრემლს მკაფიო მესიჯს გაუგზავნის".

ბორის ჯონსონი აღმოსავლეთ ევროპაში გამგზავრებას მიმდინარე კვირაში გეგმავს. საკითხზე საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი რუსეთის დესტაბილიზაციას არ მოითმენს და ის ყოველთვის NATO-ს მოკავშირეების გვერდით იქნება.

"თუ პრეზიდენტი პუტინი აირჩევს სისხლისღვრისა და განადგურების გზას, ეს ევროპისთვის ტრაგედია იქნება. უკრაინა თავისუფალი უნდა იყოს საკუთარი მომავლის არჩევაში.

მე ვუბრძანე ჩვენს შეიარაღებულ ძალებს მოემზადონ მომავალ კვირას ევროპაში განლაგებისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ შევძლებთ მხარი დავუჭიროთ NATO-ს მოკავშირეებს ხმელეთზე, ზღვაზე და ჰაერში", - თქვა მან.

ჯარების გაძლიერების გარდა, გეგმა შესაძლოა, მოიცავდეს ესტონეთში თავდაცვითი იარაღის გაგზავნას. ასევე დიდმა ბრიტანეთმა შესაძლოა გაგზავნოს სწრაფი თვითმფრინავები, ხომალდები და სამხედრო სპეციალისტები.

დიდ ბრიტანეთს 900-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს ესტონეთში, 100-ზე მეტი კი უკრაინაში, როგორც სასწავლო მისიის ნაწილი ხოლო 150-კაციანი ჯგუფი განლაგებულია პოლონეთში.

აღმოსავლეთ ევროპაში ჯარების გაგზავნას შეერთებული შტატებიც გეგმავს. ჯო ბაიდენის თქმით, აშშ Nato-ს წევრ ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპაში ჯარებს "უახლოეს მომავალში" გაგზავნის.

დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. რუსეთი უარყოფს ინფორმაციას უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, თუმცა უკვე 2 თვეზე მეტია, რაც უკრაინის საზღვართან 100 ათასი რუსი ჯარისკაცია განლაგებული. უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში აშშ რუსეთს სანქციებით ემუქრება. ევროპის არაერთმა ქვეყანამ სამხედრო თუ ფულადი დახმარება უკრაინისთვის უკვე გამოყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი