საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ოკუპანტი ქვეყნის გარდა ყველასთვის მიუღებელი აღმოჩნდა.სალომე ზურაბიშვილის მიერ რუსი დეპუტატებისა და სერგეი ლავროვის საქართველოში დაპატიჟებას მწვავე შეფასებები მოჰყვა, როგორც თბილისში, ასევე ამერიკულ საექსპერტო წრეებში. ანალიტიკოსი დევიდ კრამერი, აცხადებს, რომ რუსი დეპუტატებისა და რუსი მინისტრის საქართველოში ვიზიტი, ვიდრე ოკუპანტი ქვეყანა სრულად არ გაათავისუფლებს მიტაცებულ ტერიტორიებს გაუგებარი და მიუღებელია.
"ვიმედოვნებ,რომ მთავრობამ და პრემიერმა, რომელიც მაშინ შს მინისტრი იყო ივნისის მოვლენებისას კარგი გაკვეთილი მიიღეს. როდესაც დეპუტატს მისცეს საშუალება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სიტყვით გამოსულიყო ამ მოვლენებმა ხელისუფლების წინააღმდეგ უდიდესი საპროტესტო ტალღა გამოიწვია, ვიმედოვნებ მთავრობა ხვდება, რა მოჰყვება სერგეი ლავროვის საქართველოში მოპატიჟებას, რომელიც იყო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დიდი დამცველი,რომელმაც განსაკუთრებულად ნეგატიური როლი ითამაშა საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში, მისი მიღება თბილისში უდიდესი შეცდომა იქნება. ვიდრე არ გათავისუფლდება თქვენი ტერიტორიები ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ უნდა უმასპინძლოს ქვეყნის მოქმედმა მთავრობამ სერგეი ლავროვს, რა სტატუსითაც არ უნდა ჩამოდიოდეს ის საქართველოში,"-აცხადებს დევიდ კრამერი.
უმწვავესია ოპოზიციის კრიტიკა. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ,რომ სალომე ზურაბიშვილმა მისი განცხადებით რუსული დაკვეთა შეასრულა და ეს სცენარი ნაწილია.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი კი თვლის, რომ ერთადერთი სწორი პასუხი რუსული დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით, სწორედ ის იყო, რაც პრეზიდენტმა განაცხადა. მისი თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლება არ მიიღებს რუსულ დელეგაციას, მას სანქციები დაეკისრება, რაც მხოლოდ ოპოზიციის ინტერესებში შედის.
"ევროსაბჭოს სტატუტი და ასევე შეთანხმება იმუნიტეტების შესახებ, რომლის ხელმომწერებიც ვართ იმ პერიოდიდან როდესაც ბატონმა ჟვანიამ იმ ტრიბუნიდან სადაც ქალბატონი სალომე იდგა თქვა ის ცნობილი ფრაზა, იმ პერიოდიდან ვართ ჩვენ ამ ტექსტების მონაწილე და რომელიმე წევრი ქვეყნის დელეგაციის საქართველოში არ შემოშვება დამთავრდება სანქციებით და ეს სანქციები უნდა ოპოზიციას.
ასევე არსებობს ჩვენი ქვეყნის შიდა კანონმდებლობა, მანამდე დროა, როდესაც დადგება საკითხი, ამის შემდეგ შეიძლება მსჯელობა. ეს აჟიოტაჟი ემსახურება ერთადერთ მიზეზს, რომ პრეზიდენტის გამოსვლა და მისი ინსტიტუტი იყოს დაკნინებული,"-განაცხადა თეა წულუკიანმა.