ყვარელში, რამდენიმე სოფელში მოსახლეობა ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ ცხოვრობს. დაპირებისა და ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის მიუხედავად, გასული წლის ზაფხულში ქარისა და სეტყვის გამო დაზარალებული მოქალაქეების ნაწილს სახლის სახურავები ამ დრომდე არ შეუკეთეს.
დაზარალებულები ძირითადად სოციალურად დაუცველები და ეკონომიკურად შეჭირვებული ოჯახები არიან. ისინი ამბობენ, რომ მერიას დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, მაგრამ მმართველმა გუნდმა დახმარება მხოლოდ საკუთარ მხარდამჭერებს გაუწია.
"სახურავი მოხდილია, 7 თვეზე მეტია ასეთ დღეში ვცხოვრობ. კედლები არ ვარგა, ელექტროობა გაფუჭებულია, ჭერი გაოხრებულია. დამპირდნენ დახმარებას, 7 თვეს გადასცდა უკვე და ისევ ველოდები. არავინ მოდის, არაფერს აკეთებენ. ვინც იყო ჩვენი გამგებელი, ვისაც თვითონ უნდოდა იმათ გადაუხურა. 4 ოჯახია, რომელსაც წვეთი არ ჩადიოდა სახლში და იმათ გადაუხურეს თავიდან ბოლომდე. ივანიშვილს თუ მისცემთ ხმას დაგიფარებთ [სახურავს] თუ არა და არააო. ასეთი რაღაცაც იყო", - ამბობს სტიქიით დაზარალებული ზურაბ ქორთიაევი.
ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტი მოქალაქეებს დახმარებას თვითმმართველობის არჩევნების წინაც დაპირდა, თუმცა ადგილობრივები მოატყუეს.
"ინდივიდუალურად შედიოდნენ დაზიანებულ სახლებში და ეუბნებოდნენ ადამიანებს, თუ ხმას მისცემდნენ "ქართულ ოცნებას", დაუხურავდნენ სახურავს ან აუნაზღაურებდნენ იმ ზიანს, რაც მიადგათ. იმ ოჯახებში არ მიდიოდნენ, სადაც იცოდნენ, რომ იყვნენ ოპოზიციის მხარდამჭერები. საბოლოოდ, ფული დაიხარჯა, მაგრამ შედეგი არის ნოლი", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი ბოტკოველი.
მერიაში კონკრეტული პასუხი არ აქვთ, თუ რა რაოდენობის დაზარალებული ჰყავთ ამ დროისთვის ან რა ნიშნით მოხდა მათთვის დახმარების გაწევა.