ორხევის დასახლებაში, სადაც მოსახლეობას წინა კვირაში საცხოვრებლები დაუნგრიეს მხოლოდ 1 ოჯახი რჩება. მამულაშვილები ამბობენ, რომ მათთვის ერთადერთი თავშესაფარი "ვაგონია", სადაც მამა შშმ შვილთან ერთად წლებია ცხოვრობს.
ოჯახი ამბობს, რომ მერიის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე გააფრთხილეს, რომ საცხოვრებელი ვაგონი თავად გადაეტენა, თუმცა წასასვლელი არსად აქვთ. დღეს კი მამულაშვილები მერიის სპეციალურ სამსახურს ელოდებიან, რომელიც მათ ვაგონიდან გამოიყვანს და ერთადერთი საცხოვრებლის გარეშე დატოვებს.
"ეს ერთი ვაგონი მიდგას მე აქ, ამ ვაგონში ვცხოვრობთ მე და ჩემი ბიჭი, შვილი. ინვალიდი ბიჭი მყავს. მითხრეს, რომ კვირამდე გაიტანე ესაო, თორემ ჩვენ წავიღებთ აქედან და გაგიყვანთო. სად წავიღო, როგორ წავიღო ეს ვაგონი, ფული უნდა, არაფრის საშუალება არ მაქვს, არსად სახლი არ მაქვს, არც კარი არაფერი არ გვაქვს ჩვენ.
ბავშვს ყურადღება უნდა, თითი მოჭრილი აქვს, ვერც ვმუშაობ ვერსად, საჭმელასაც მე ვაჭმევ, მე ვუკეთებ ყველაფერს", - ამბობს ნიკოლოზ მამულაშვილი.
ორხევის დასახლებაში მუნიციპალურმა ინსპექციამ 7 საცხოვრებელი სახლი სპეცტექნიკით რამდენიმე დღის წინ დაანგრია, რამდენიმე ოჯახი ამბობს, რომ შედეგად ღია ცის ქვეშ რჩებიან.