ენმ-ს ინფორმაციით, საგარეჯოს ცენტრში საგარეჯოს ყოფილი მერი, გიორგი ერბოწონაშვილი შენობას აშენებს.
მათი თქმით, ერბოწონაშვილი მერის პოზიციას 2017-2021 წლებში იკავებდა და ის "ყველაზე კორუმპირებულ და ყველაზე დამტაცებელ" მერად არის ცნობილი საგარეჯოში.
ოპოზიციონერების თქმით, აღნიშნული ტერიტორია 2006 წლიდან ენმ-ს ეკუთვნოდა და 2012 წელს, მოსახლეობის მოთხოვნით დათმეს, იმისთვის, რომ იქ ეკლესია აშენებულიყო
"ეს ტერიტორია 2006 წლიდან ეკუთვნოდა ენმ-ს. 2012 წელს მოსახლეობის თხოვნით, ტერიტორია დათმობილ იქნა იმის გამო, რომ აშენებულიყო ეკლესია, აქ ხედავთ მაკეტებს და ბიუჯეტში გამოიყო 50 000 ლარი. 2016 წელს ერბოწონაშვილის მერობამდე ეს ტერიტორია გამოთხოვნილ იქნა სახელმწიფოსგან და გადაეცა მუნიციპალიტეტს. 2021 წელს საგარეჯოს მერს არაერთი მცდელობა ჰქონდა, რომ ჩავარდნილიყო მის ხელში. საკრებულოს ოპოზიციამ წინააღმდეგობა გაუწია ამ პროცესს და ეს პროცესი შეჩერდა. ამის შემდეგ ერბოწონაშვილმა ეს ტერიტორია გადასცა დაახლოებულ პირს და მიმდინარეობს სავაჭრო-კომერციული ობიექტის მშენებლობა ეს არის პირდაპირი კორუფცია",- ამბობს გიორგი ბოტკოველი.
"ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრი, ლევან ხაბეიშვილი კი ამბობს, რომ მოქალაქეების გაჭირვების ფონზე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება სახელმწიფო ქონებას იტაცებს.
"ჩვენ აქედან გადავინაცვლებთ მერიის შენობაში და დღევანდელი მერისგან და "ოცნების" საკრებულოს წევრებისგან გავარკვევთ როგორ მოხდა, რომ გააქრეს ეკლესია ცენტრიდან და მათი თანაპარტიელი აქ აშენებს შენობას, საიდანაც ასიათასობით დოლარს მოიხვეჭს წლიდან წლამდე",- ამბობს ლევან ხაბეიშვილი.