
მე, როგორც თავდაცვის მინისტრი, არ დავუშვებ არცერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესების გატარებას ქართულ ჯარში, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ამ შემთხვევაში რეაგირება უმკაცრესი იქნება.
ღარიბაშვილმა თქვა ისიც, რომ გენერალ დევი ჭანკოტაძის მიერ სამხედრო ფორმიდან გაკეთებული
პოლიტიკური განცხადებები, ჯარის პოლიტიზირების მცელობაა.
ძალიან სამწუხაროა, რომ გენერალი ჭანკოტაძე სამხედრო ფორმით გამოცხადდა და პოლიტიკური შინაარსის განცხადებები გააკეთა. ეს ჯარის პოლიტიზირების პირდაპირი მცდელობა იყო. ეს არის იმ ხელწერის და იმ პრეცედენტების გაგრძელება, რომელიც, სამწუხაროდ, მათ შექმნეს. ეს იყო ჯარის პოლიტიზირების სავალალო, საგანგაშო, შემაშფოთებელი მცდელობა. ისეთი ინსტიტუტების პოლიტიზირება, როგორიც არის ჯარი, პოლიცია, სასამართლო, პროკურატურა, 2012 წელს დავასრულეთ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ იდეალურები ვართ, მაგრამ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები აბსოლუტურად განსხვავებულია. ჩვენ არ დავუშვებთ ჯარის და ჯარისკაცების პოლიტიზირებას. ჯარი არ არის არცერთი პარტიის, არცერთი პოლიტიკური ხელმძღვანელობის კუთვნილება. ჯარი არის ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერე, თითოეული ჩვენი მოქალაქის დამცველი და იმედი, - ამბობს ღარიბაშვილი.