ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე უკრაინის მხრდამჭერი რეზოლუციის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიცია არ აპირებს მხარი დაუჭიროს რეზოლუციის დოკუმენტს, თუ მასში რუსეთი, როგორც აგრესორი არ იქნება ნახსენები.
კამათი იყო დეპუტატ სალომე სამადაშვილსა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძეს შორის:
"- ქალბატონო სალომე დამშვიდდით და ნუ უზრდელობთ, ნუ მეჩრებით პირში.
- გეჩრებით, იმიტომ რომ ვერ მიგყავთ კომიტეტის სხდომა, რატო ხართ მაშინ კომიტეტის თავმჯდომარე, პლენარული სხდომა უნდა დაიწყოს სადაც არის და ვერ მივედი ძირითად საკითხზე მსჯელობაზე, კლოუნადის საყურებლად არ მოვსულვართ..
- ძალიან კარგად მიმყავს. ყოჩაღ, კიდევ ერთი საცირკო წარმოდგენა წარმატებით დაასრულეთ, ველოდებით მომდევნო საცირკო წარმოდგენას, მომდევნო კომიტეტზე".
სამადაშვილმა აღნიშნა, რომ პლენალურ სხდომაზე "ოცნების" დოკუმენტის გატანა, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად მიაჩნია.
ხატია დეკანოიძე მმართველ გუნდს მოუწოდებს რუსეთი ფედერაცია დოკუმენტის იმ ნაწილში ჩაემატოს, სადაც ის პირველ ვარიანტში იყო მოხსენიებული, ასეთ შემთხვევაში ენმ მას მხარს დაუჭერს.