რეზოლუციის მიზანი არ არის რუსეთის ფედერაციის, როგორც ჩვენი ქვეყნის ოკუპანტის გამომზეურება და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათი დადანაშაულება - აცხადებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
გიორგი ხელაშვილის თქმით, რეზოლუციის მიზანი სტრატეგიულია და რეგიონში დაძაბულობის შემცირებას ემსახურება.
„ჩვენ, როგორც სახელმწიფოს შეგვიძლია ვითარება ხვალვე გავამწვავოთ, ისე როგორც თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობა“ იქცეოდა. შედეგად მეტი დაძაბულობა მივიღოთ, მაგრამ მერე ვინ აიღებს ამაზე პასუხისმგებლობას, ეს ცალკე საკითხია. ჩვენ, როგორც პასუხისმგებელი სახელმწიფო ძალა მიზნად ვისახავთ რეგიონში დაძაბულობის შემცირებას. ეს არის ჩვენი ამოცანა, რაც ასახულია რეზოლუციის პროექტში. იმავდროულად, რეზოლუცია უკრაინის მხარდაჭერისკენ და რაც მთავარია, საქართველოს ინტერესებისკენ არის მიმართული“, - განაცხადა ხელაშვილმა პარლამენტში, პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, საგაზაფხულო სესიაზე უკრაინასთან დაკავშირებით, "ოცნების" მიერ ინიცირებული რეზოლუციას განიხილავენ, სადაც ერთი სიტყვითაც არ არის ნახსენები მთავარი აგრესორი - რუსეთი.
რეზოლუციას აპროტესტებს ოპოზიცია და ტექსტში, ოკუპანტი ქვეყნის ჩაწერას ითხოვს.