ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყნის მთავარ საფრთხედ და მტრად გამოაცხადა.
მინისტრის საათის ფორმატში პირველი გამოსვლა მხოლოდ ერთი სიტყვით - "დესტრუქციულით" იყო დასამახსოვრებელი. მიმართვაში, სადაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასა და ნატო-ში გაწევრიანების ხედვაზე უნდა ესაუბრა, ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსვლის უმეტესი ნაწილი მხოლოდ ოპოზიციის კრიტიკას დაუთმო. ამისათვის კი დარბაზში კომფორტიც ჰქონდა. ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია და მათთვის განკუთვნილი სკამები ცარიელი იყო.
თავდაცვის მინისტრი პოლიტიკურ ოპონირებაში ისე გადაერთო, რომ წამოცდა ის, რაც აქამდე არ უღიარებია. გაირკვა, რომ პრემიერმინისტრობის დროს, გიგი უგულავას წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს, მაშინდელი პრემიერი ღარიბაშვილი პირადად აკონტროლებდა. ოპოზიციის ლიდერის ციხიდან ახლანდელ გამოშვებაზე კი პასუხისმგებლობას არ იღებს.
თავად გიგი უგულავამ ირაკლი ღარიბაშვილის ამ აღიარებას სიბრიყვე უწოდა. "ოცნების" ხელისუფლებას კი შეახსენა, რომ სწორედ პოლიტიკურად მოტივირებულმა საქმეებმა, ქვეყნაში სასამართლო, როგორც ინსტიტუცია, საერთოდ გააუქმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა არ დაინდო არც ყოფილი თანაგუნდელი. ეკა ბესელიას შეკითხვის შემდეგ, რატომ შევიდა გარიგებაში "ოცნება" წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ოდიოზურ ფიგურებთან, მათ შორის მოსამართლეებთან, ირაკლი ღარიბაშვილმა მას იმ საერთო ოპოზიციურ შეხვედრებზე მიუთითა, რომელიც "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში იმართება.
თავდაცვის მინისტრმა წინასაარჩევნოდ გააფრთხილა ჯარიც. სამხედროების იმ ნაწილს, რომელიც პოლიტიზირებულია, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ პასუხს თავად გასცემს. თუმცა მისივე ინფორმაციით, ასეთი სამხედროები მხოლოდ 1% -ია.
ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს პარლამენტში მიიყვანა თავდაცვის ძალების მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი მოადგილეებიც. სხდომას ესრებოდნენ გენერალური შტაბის წარმომადგენლები. ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვის მინისტრს რუსეთი გამოსვლაში არ უხსნებია. ძირითად გამოწვევებში კი ოკუპაცია და ბორდერიზაცია ტრიბუნასთან რამდენჯერმე ახსენა. 40-წუთიანი მიმართვის შემდეგ, უმრავლესობასთან დარბაზში მარტო დარჩენილმა თავდაცვის მინისტრმა, მისივე თანაგუნდელებისგან არაერთი საქებარი სიტყვა მოისმინა.