აშშ რუსეთს უკრაინის საზღვრებიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს | რაზე ისაუბრეს ბლინკენმა და ლავროვმა

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას, რუსეთს დეესკალაციისა და უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა. სატელფონო საუბართან დაკავშირებით ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს

მათი ცნობით, სატელეფონო საუბრისას ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე მხარი დაუჭირა ყველა ქვეყნის უფლებას, განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკა და ალიანსები.

ბლინკენმა რუსეთს დიპლომატიისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრას სწრაფი და მძიმე შედეგები მოჰყვება.

სატელეფონო საუბარს Twitter-ზე თავად ენტონი ბლინკენიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოსალოდნელი კონფლიქტის ასარიდებლად, აშშ და მათი პარტნიორები რუსეთთან დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის მზად არიან:

"მზად ვართ თავიდან ავიცილოთ კონფლიქტი, რომელიც არავის ინტერესშია, მაგრამ ასევე მზად ვართ, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთს მწვავე საფასური დავაკისროთ",-დაწერა ბლინკენმა.

უკრაინის საზღვართან ვითარება დაძაბულია. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. რუსეთი უარყოფს ინფორმაციას უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, თუმცა უკვე 2 თვეზე მეტია, რაც უკრაინის საზღვართან 100 ათასი რუსი ჯარისკაცია განლაგებული. უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში აშშ რუსეთს სანქციებით ემუქრება. ევროპის არაერთმა ქვეყანამ სამხედრო თუ ფულადი დახმარება უკრაინისთვის უკვე გამოყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი