საქართველოს ოქროს ფონდი ისევ დაპირისპირების საგანი ხდება. ხელისუფლება, საპატრიარქო და მეცნიერები პანორამა თბილისის მეშებლობისგან დაზიანებული ფონდის საცავისა და მისი ექსპონატების გადარჩენას ცდილობენ და თან არც საკუთარი ინტერესები ავიწყდებათ.
სპეციალურ კომისიაში, რომელმაც უნიკალური ხატების, ქართველ მეფეთა ატრიბუტიკისა და უძვირფასესი სამკაულების ბედი უნდა გადაწყვიტოს, ყველა საკუთარი კანდიდატის ჩართვას ცდილობს. საპატრიარქოს უკვე აქვს პროტესტი მმართველი პარტიის წარმომადგენელზე.
სამეცნიერო წრეებში აშინებთ მღვდელმთავრების გაცხოველებული სურვილი, ეკლესიებში გადაიტანონ უნიკალური ხატები, "ქართულ ოცნებას" კი ყველა შემთხვევაში პოლიტიკური დივიდენდების მიღება სურს.
პარლამენტში მეუფე იაკობის გამოჩენა დღეს საკმაოდ მოულოდნელი იყო. გასაიდუმლოებული შეხვედრა არჩილ თალაკვაძესთან, დაახლოებით ერთი საათის განმალობაში გაგრძელდა. რა საკითხები განიხილეს მხარეებმა, შეხვედრის მონაწილეები ამაზე ოფიციალურად არ საუბრობენ.
თუმცა, "მთავარის" ინფორმაციით, საუბარი სწორედ ოქროს ფონდს უკავშირდებოდა. ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ კომისიის შემადგენლობაში "ქართული ოცნების" წევრი გია ვოლსკი უნდა შესულიყო და სწორედ მის წინააღმდეგ წავიდა საპატრიარქო.
ვის დარჩება ქვეყნის მთავარი საგანძური და ოქროს ფონდი, საკითხზე მხოლოდ მუზეუმების დირექტორი საუბრობს. ამბობს, რომ ამას კონკორდატი არეგულირებს და შესაბამისად, გადაწყვეტილებას სახელმწიფო მიიღებს.