ომის ზღვარზე მყოფ მეგობარ ქვეყანას ოპოზიცია მხარდაჭერას უცხადებს და კიევში ვიზიტისთვის ემზადება. დღეს უკრაინის დედაქალაქში "ლელოსა" და "დროას" ლიდერები ჩავლენ და რადაში შეხვედრებს გამართავენ. მანამდე კი ისინი პარლამენტის წინ იმყოფებიან და სოლიდარობის აქციას მართავენ. ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ადგილზე მიტანილი აქვთ უკრაინის დროშა, რომელზე ხელმოწერაც და ამ ფორმით მეგობარი უკრაინისთვის მხარდაჭერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
ქართველი ხალხის ხელმოწერილ დროშას ოპოზიციონერები საბოლოოდ რადას დეპუტატებს გადასცემენ.
ოპოზიციისგან განსხვავებით, "ქართული ოცნება" ომის არდაწყების რეზოლუციას უწოდებს იმ დოკუმენტს, რომელიც ერთპარტიულად გუშინ, 1 თებერვალს მიიღო და სადაც რუსეთის ფედერაცია ნახსენებიც არ არის.
გარდა ამისა, უკრაინის რადაში გუშინ ყველა იმ ქვეყნის დროშა გამოფინეს, რომელმაც მხარი დაუჭირა საომარ ვითარებაში მყოფ ქვეყანას. მათ შორის არ იყო საქართველოს დროშა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ უკრაინელმა დეპუტატებმა იმ ქვეყნების დროშები გამოიტანეს, რომლებმაც ქვეყანას სამხედრო დახმარება აღმოუჩინეს.